
აშშ-ის ჰელსინკის კომისია „აგენტების“ შესახებ კანონპროექტს გმობს
ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიამ 6 მარტს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც შეშფოთებას გამოხატავს უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული ტიპის კანონპროექტის თაობაზე და აცხადებს, რომ მას ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებაზე მსუსხავი ეფექტი ექნება, საფრთხეს შეუქმნის ევროკავშირსა და ნატოში ქვეყნის მისწრაფებებს და ქართული დემოკრატიის სწრაფ უკუსვლას განაპირობებს.
განცხადება, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი, თანათავმჯდომარე სენატორი ბენ კარდინი, ასევე წამყვანი წევრები – კონგრესმენი სტივ კოენი და სენატორი როჯერ უიქერი, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ უარი თქვას კანონპროექტის მიღებაზე და განაახლოს ერთგულება დემოკრატიის მიმართ. ის ასევე გმობს საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების დაკავებას, და აცხადებს, რომ კანონპროექტის მიღება იქნება რუსეთთან ახლანდელი მთავრობის მზარდი სიახლოვის დემონსტრირება.
„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უარი თქვას ინიცირებულ კანონპროექტზე და განაახლოს მისი ერთგულება დემოკრატიის მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში. „1991 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატები ქართველი ხალხის მტკიცე და ურყევი მეგობარია. მთავრობის პოზიციის მიუხედავად, ეს არ შეიცვლება“.
ასევე წაიკითხეთ:
- 06/03/2023 – ამერიკელი სენატორები „აგენტების“ შესახებ კანონპროექტებზე შეშფოთებას გამოთქვამენ
- 02/03/2023 – აშშ-ის, ევროკავშირისა და ბრიტანეთის ელჩები „უცხოეთის აგენტებზე“ კანონპროექტს ეხმიანებიან
- 27/02/2023 – აშშ-ის ელჩი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტსა და სებ-ის შესახებ საუბრობს
- 16/02/2023 – აშშ „ღრმად შეშფოთებულია“ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტით
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)