ახალი ამბები

საქართველომ თურქეთში 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა

საქართველოს მთავრობამ თურქეთში 6 თებერვალს დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 14 თებერვალს განაცხადა, რომ ჰუმანიტარული დახმარება მოიცავს პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, მედიკამენტებს, სამედიცინო აღჭურვილობას, ჩვილის საკვებს, გადაუდებელი დახმარების პერსონალისთვის განკუთვნილ ნივთებს, უნიფორმებს, თბილ ტანსაცმელს, კარვებს, გენერატორებს, საძილე ტომრებს, მშრალ კვებას, კონსერვებსა და სხვა საგნებს.

თურქეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოსაჩენად მთავრობამ 1 მლნ ლარი სარეზერვო ფონდიდან გამოყო. თურქეთის დასახმარებლად აქცია საქართველოს პარლამენტმაც წამოიწყო. მეზობელ ქვეყანაში დახმარება რიგითმა მოქალაქეებმაც გაგზავნეს. საქართველო თურქეთს სამაშველო ოპერაციაშიც ეხმარება.

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან 6 თებერვალს მომხდარ მიწისძვრას ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათიათასობით კი – დაშავდა. ოფიციალურმა ანკარამ სამაშველო ოპერაციაში დახმარებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button