skip to content
ახალი ამბები

2024 წელს ამომრჩევლის თითქმის 90% ხმას ელექტრონულად მისცემს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 6 თებერვალს გამართულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში რეგისტრირებულ ამომრჩევლის თითქმის 90% ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს. მანამდე არსებული ჩანაწერით ელექტრონული არჩევნები ამომრჩევლის თითქმის 70%-ისთვის ჩატარდებოდა.

დანარჩენ საარჩევნო უბნებზე კი – ბიულეტენები გაციფრულდება და საარჩევნო უბნების შედეგებს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გადაითვლიან. ამასთან, საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანილი ვერსია ინტერნეტსივრცეში საარჩევნო უბნების მიხედვით განთავსდება და მათ გაცნობას შეეძლება ნებისმიერი დაინტერესებული პირი შეძლებს.

2024 წლის არჩევნები, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება ყველა თვითმმართველ ქალაქსა და თვითმმართველი თემების მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების ტერიტორიაზე არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე, ასევე ამ მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე (გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრებისა) არსებულ იმ საარჩევნო უბნებში, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ს აღემატება და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიის მისამართსა და საოლქო საარჩევნო კომისიის მისამართს შორის მანძილი 20 კმ-ზე მეტი არ იქნება.

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასება

სამოქალაქო საქართველოსთან საუბარში საარჩევნო თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ დირექტორმა, ნინო დოლიძემ აღნიშნა, რომ დადებითად აფასებს ახალ ტექნოლოგიებზე გადასვლას, რადგანაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი სწორედ საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებას ეხებოდა.

მისი თქმით, ელექტრონული საარჩევნო პროცესი ერთის მხრივ გულისხმობს ამომრჩევლის რეგისტრაციის დროს ტექნოლოგიის გამოყენებას და მეორე მხრივ ბიულეტენის ელექტრონულად დასკანირებას და შემდგომ დათვლას, რაც ადამიანურ და ტექნიკურ შეცდომებს მაქსიმალურად გამორიცხავს და „კარგია“. თუმცა, მისივე თქმით, კიდევ ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი ის არის, რომ ამისთვის მზად არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაცია, არამედ საარჩევნო ოლქებიც და უბნებიც უნდა იყვნენ.

„ასევე, მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება [და] საზოგადოების ნდობა ტექნოლოგიებთან მიმართებით, რათა ამ ახალი ტექნოლოგებით მოახერხონ ხმის მიცემა“, – აღნიშნა მანვე და დასძინა, რომ „ეს დამატებით სახსრებსაც საჭიროებს“, რადგანაც შესაძენი იქნება როგორც აპარატურა, რომელიც ამომრჩევლის ვერიფიკაციას ახდენს, ისე საარჩევნო ყუთები, რომლებიც ბიულეტენებს მიიღებენ და დაასკანირებენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button