Placeholder canvas
ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 19 იანვარს დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა სახელწოდებით „როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად“.

ინფრასტრუქტურული პროექტები

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლა პრემიერმა უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ მთელი რეგიონისთვის ამ „კატასტროფულმა ომმა“ გვაჩვენა, რომ ქვეყნებმა ეკონომიკის დივერსიფიკაციაზე უნდა იზრუნონ. ამ კონტექსტში, მან შუა დერეფნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთისა და ყაზახეთის შერწყმა „ძალიან კარგია“.

მანვე ქვეყანაში მიმდინარე რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რაც პრემიერის თქმით, „ხელს შეუწყობს ტრანსპორტირების მიმართულებას“. პრემიერმა საპორტო ინფრასტრუქტურასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ „შავ ზღვაზე საქართველოს პორტების გამტარობა საკმაოდ დიდია, მაგრამ კიდევ უნდა გავზარდოთ შესაძლებლობები“.

ამ ნაწილში ირაკლი ღარიბაშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე ისაუბრა და ხაზგასმით თქვა, რომ მის მშენებლობას საქართველოს მთავრობა დაიწყებს და 51%-იანი წილი სახელმწიფო საკუთრება იქნება. „მინდა, რომ ეს პროექტი განვახორციელოთ შესაძლებლობის გაზრდის მიზნით… ჩვენ საუბარი გვაქვს ბევრ პოტენციურ ინვესტორთან ამ მიმართულებით“, – დასძინა მან.

პრემიერმა ღარიბაშვილმა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის შესახებ ცოტა ხნის წინ ბუქარესტში ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მიერ ხელმოწერილ მემორანდუმზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ ძალიან „საინტერესო“ და „ამბიციური“ ინიციატივით „გაიზრდება საქონელბრუნვა ამ დერეფანში“. „ეს მარშრუტი ყველაზე მოკლეა აზიის ევროპასთან დასაკავშირებლად“.

„ორი თვის წინ ვიყავით ყაზახეთში და შევთანხმდით საგზაო რუკაზე, როგორ განვავითაროთ ეს დერეფანი და როგორ მოვხსნათ ეს ხელოვნურად შექმნილი ბარიერები, – ამ მიმართულებით აქტიურად მივდივართ. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მიგვაჩნია, რომ უფრო დიდი პოტენციალი გვექნება და ყველა ეს ქვეყანა სარგებელს მიიღებს ამ დერეფნიდან“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს რკინიგზა მოდერნიზაციის მიმდინარე პროცესზეც ისაუბრა და თქვა, რომ 2024 წლისთვის რკინიგზის წარმადობა 48 მლნ ტონა იქნება. „ამის გარდა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ვმუშაობთ აზერბაიჯანთან. რამდენიმე თვის წინ აზერბაიჯანმა დამატებითი დაფინანსება გამოყო ამ პროექტის დასასრულებლად და ეს პროექტი მზად იქნება 2024 წლის ბოლოსთვის. დამატებით 5 მლნ ტონა აქედან შემოვა. ამიტომ, ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტებია“.

ბიზნესკლიმატი

ირაკლი ღარიბაშვილმა დისკუსიის მონაწილეებს საქართველოში არსებულ ბიზნესკლიმატზეც მიაწოდა ინფორმაცია და თქვა, რომ „ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით მეშვიდე ადგილზეა მსოფლიოში“. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოში ოთხი თავისუფალი სამრეწველო და ეკონომიკური ზონა, რაც „არის იშვიათი შესაძლებლობა უცხოური კომპანიებისთვის, რომ ჩამოვიდნენ, შექმნან საწარმოები, ჩადონ ინვესტიციები საქართველოში“.

„ყოველივე ამის დაკავშირება გვსურს განახლებად ენერგიასთან. საქართველო მდიდარია ჰიდრეოენერგორესურსებით. ამჟამად შესაძლებლობათა მხოლოდ 27% ვიყენებთ. ჩვენ შევიმუშავეთ სტრატეგია, სადაც ვგეგმავთ დიდ ინვესტიციებს განახლებად ენერგიაში – წყლის, მზის, ქარის ენერგიაში და ა.შ.“, – განაცხადა მან.

რეგიონში არსებული ვითარება

საუბრის დასასრულს, საქართველოს პრემიერმინისტრმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე საუბრისას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ საქართველო მათ შორის „ნეიტრალური, ობიექტური და მიუკერძოებელი მედიატორია“.

„ეს რეგიონი გვეკუთვნის ჩვენ, აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს და ჩვენ შეგვიძლია გარდავქმნათ ეს რეგიონი შესაძლებლობების რეგიონად, სადაც იქნება მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა“, – დასძინა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button