skip to content
ახალი ამბები

საქართველო ევროპარლამენტის რეზოლუციებში

ევროპარლამენტმა 18 იანვარს მიიღო რეზოლუციები ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელებისა და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის განხორციელების შესახებ.

ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის განხორციელების შესახებ რეზოლუციაში ევროპარლამენტმა აღიარა, რომ „დაუსჯელობა, რომელიც 2008 წელს საქართველოში შეჭრას მოჰყვა, არის ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია განაპირობა“. 

რუსული ოკუპაცია 

ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელების შესახებ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი „აღიარებს, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია განიცადა, როდესაც რუსეთი შეეცადა ძალადობრივი გზით შეეცვალა ევროპის სუვერენული სახელმწიფოს საზღვრები და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის, რომლებიც საქართველოს განუყოფელ ნაწილებს წარმოადგენენ, ოკუპაცია განეხორციელებინა, ასევე მათი დე ფაქტო ანექსიისკენ გადაედგა ნაბიჯები და ეთნიკური წმენდის შედეგად ასიათასობით ადამიანი საკუთარი სახლებიდან გაედევნა, ხოლო საზოგადოებები საოკუპაციო ხაზებით დაეყო“.

ევროპარლამენტის თქმით, ევროკავშირს, როგორც რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შუამავალს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია. ამიტომ, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურს, რომ „2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შესახებ სრულყოფილი ანგარიში მოამზადოს“ და „მკაფიოდ განსაზღვროს ის დებულებები, რომლებიც ჯერაც არ შეასრულა რუსეთის ფედერაციამ, ასევე წარმოადგინოს რეკომენდაციები, რომლებიც მოუწოდებს რუსეთს, რომ თავისი საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს, კერძოდ გამოიყვანოს საკუთარი სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ამ ტერიტორიებზე უსაფრთოების საერთაშორისო მექანიზმის ჩამოყალიბება დაუშვას“.

ევროპარლამენტს მიაჩნია, რომ რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვება არა მხოლოდ უკრაინას მოუტანს თავისუფლებას, არამედ ის გადამწყვეტი ფაქტორი იქნება საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით. 

ევროკავშირის წევრობა 

ევროპარლამენტი „კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მოსახლეობების მომავალი ევროკავშირშია“ და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ითხოვს იმ პირობით, რომ ქვეყანა შეასრულებს ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებს.

მეორე მხრივ, ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს, რომ რეალურად შეასრულოს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტები. 

მხარდაჭერის გაძლიერება 

ევროპარლამენტი მიესალმა „სტრატეგიულ კომპასში“ ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორებზე ყურადღების გამახვილებას და მოუწოდა ევროკავშირს, რომ გააძლიეროს უკრაინასთან, საქართველოსთან და მოლდოვასთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, კერძოდ ისეთ სფეროებში, როგორებიცაა – კიბერუსაფრთხოება და ჰიბრიდულ საფრთხეებთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლა. ევროპარლამენტი სამხედრო სფეროში მხარდაჭერის ზრდისკენაც მოუწოდებს და აცხადებს, რომ ევროკავშირმა უნდა განიხილოს ევროკავშირის მუდმივი სტრუქტურირებული თანამშრომლობის (PESCO) პროექტებში მონაწილეობისთვის უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მიწვევის საკითხი.

ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის განხორციელების შესახებ რეზოლუციაში ევროპარლამენტი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სხვა ინსტრუმენტებსაც ახსენებს, როგორიცაა ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტი (EPF) და მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, უზრუნვეყონ, რომ ევროკავშირმა გააძლიეროს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მედეგობისა და თავდაცვის შესაძლებლობები EPF-ის ბიუჯეტის გაზრდის გზით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button