skip to content
წერილები

როგორ გახდა ჯორჯი – ბუა?

ჩვენებური FARA-ს შემოქმედთა კვალდაკვალ, ახლახანს ილონ მასკმა მორიგი ტვიტი გააზიარა (და მოგვიანებით წაშალა), რომლითაც ‘ლიბერალებს’ მილიარდერების შერჩევით სიყვარულს საყვედურობდა, მტრად კი ჯორჯ სოროსი ჰყავდა მიხატული. ამან გამახსენა, რომ სოროსისადმი გლობალური სიძულვილის მიუხედავად, ცოტამ თუ იცის, როგორ გახდა ფილანტროპი მილიარდერი უნივერსალური ‘ბუა’ და რა შუაშია ამასთან ბრიტანული ბირჟის კოლაფსი.

ცნობისთვის, სოროსი მხოლოდ საქართველოში არ სძულთ – მისი ზიზღი გლობალური მოვლენაა, რომლის ფესვები გასულ საუკუნეში მიიტოტება. მილიარდერები ბევრს სძულს, მაგრამ ბეზოსი, მასკი, გეითსი და ტრამპიც კი ვერ იწვევს ისეთ ისტერიულ ფობიას, როგორსაც ბიძია ჯორჯის ხსენება. მისი მთავარი მოძულეები ულტრა-მემარჯვენეები არიან, თუმცა დიდად არც მემარცხენეებს ეხატებათ გულზე. წესით, კლასიკურ კონსერვატორებსაც და მემარცხენეებსაც ის, როგორც კლასიკური ლიბერალი, თანამოაზრედ უნდა მიაჩნდეთ, მაგრამ ფოქს მედია (FOX Media) მას გამოცხადებულ ანტიქრისტედ სახავს, მემარცხენე ჟურნალი იაკობინი (Jacobin) კი – უგრძნობ პრივილეგირებულ ჯალათად.

შეიძლება მავანი ფიქრობდეს, რომ სოროსის მიმართ გამოწვეული სიძულვილი მის ფილანტროპიას უკავშირდება. ის ღიად აფინანსებს მსოფლიოს მასშტაბით უამრავ ფონდს, რომელიც ლიბერალური ღირებულებების, სოციალური სამართლიანობისა და სამართლიანი მართლმსაჯულების პოპულარიზაციას ემსახურება. თუმცა მსგავს ფონდებს სხვა, უფრო ფულიანი ხალხიც აფინანსებს. შეიძლება, ვინმეს მისი ებრაული ფესვებიც გაახსენდეს – ჰოლოკოსტს გადარჩენილი სოროსის წარმოშობა ანტისემიტური თეორიების საძირკველია ხოლმე. თუმცა სინამდვილეში, საქმე გაცილებით მარტივადაა – სოროსისადმი სიძულვილის მთავარი მიზეზი 30 წლის წინანდელი ერთი (არა)ჩვეულებრივი დღეა, რამაც ბრიტანეთისა, მსოფლიოსა და თავად სოროსის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.

შავი ოთხშაბათი

1992 წლის 16 სექტემბერი ბრიტანეთში ‘შავ ოთხშაბათად’ მოიხსენება. ამ დღეს ფუნტი სტერლინგის ღირებულება იმდენად გაუფასურდა, რომ სამეფოს ხაზინადარებმა  მისი ღირებულების აწევა ხელოვნურადაც კი ვერ შეძლეს და ვაჭრობის შეწყვეტა მოუწიათ. არადა, სამეფო მაშინ ევროკავშირის მოქმედი თავმჯდომარე ქვეყანა იყო, კონსერვატიული მთავრობა კი პასუხისმგებლიანი ფისკალური პოლიტიკით იწონებდა თავს. მხოლოდ ერთ დღეში ნისლიანმა ალბიონმა სამი მილიარდი ფუნტი დაკარგა. ეს სრული კატასტროფა იყო.

გაზეთი “სანი” შავი ოთხშაბათის შემდეგ დილას.

მაგრამ სადაც პეტრე აგებს, იქვე პავლე რჩება მოგებული. სწორედ აქ შემოდის სცენაზე ჯორჯ სოროსი და მისი მარადიული მეტოქე – რუპერტ მერდოკი. მედია-მაგნატი და მილიარდერი მერდოკი თავისი ქონების, ენერგიისა და გაზეთების (The Sun, News Of The World, The Times) მნიშვნელოვან რესურსებს წლების განმავლობაში ახარჯავდა კონსერვატიულ პარტიას. მანვე ნდობა გამოუცხადა მეიჯორის მთავრობას, როცა მან მთელი ეკონომიკური რესურსი ფუნტის გაცვლითი კურსის გასაძლიერებლად მიმართა.

ეს გადაწყვეტილება გულით უფრო იყო ნაკარნახევი, ვიდრე გონებით. მერდოკი ხედავდა, რომ მისი საყვარელ ‘რკინის ლედის’ ჟანგი ხრავდა; მისი გაზეთებში შეპირებული უმუშევრობის დონის შემცირების ნაცვლად, ის იზრდებოდა; ‘მორალის პარტიად’ შერაცხული კონსერვატორები სექსუალურ სკანდალებში ეხვეოდნენ. ერთი სიტყვით, პარტიას დასაქადნად ფისკალური პასუხისმგებლობაღა შერჩენოდა. ამიტომაც, მერდოკმა კონსერვატორებს არ უღალატა, სოროსმა კი მათი რეპუტაცია ნაცარტუტად აქცია.

1992 წლის იმ ავბედით დღეს ყველა გამდიდრდა, ვინც ფსონი ფუნტის გაუფასურებაზე დადო, პირველ რიგში კი – სოროსი. მას მერდოკის მხარდაჭერილი პოლიტიკოსები უბრალოდ სულელებად მიაჩნდა, ამიტომაც დიდი ფსონი დადო მათ ჩაფლავებაზე და მხოლოდ ამ ერთ დღეში მილიარდ ფუნტზე მეტიც (დღევანდელი კურსით, მილიარდ-ნახევარი აშშ დოლარი) იშოვა. სანამ მერდოკი მომხდარში გარკვევას ცდილობდა, „სანის“ ახალი ნომრის გარეკანი ისტორიას სამუდამოდ შემორჩა. ეს დამარცხება ისეთი მწარე იყო, რომ კონსერვატორებმა 2010 წლამდე ვეღარ შეძლეს ხალხის ნდობის აღდგენა და იქამდე ყველა ეროვნული არჩევნები წააგეს.

მერდოკს სოროსის ეს ალიყური არც დავიწყებია და არც ოდესმე უპატიებია. მისმა გამოცემებმა სოროსისგან ანტიქრისტეს შექმნა მალევე დაიწყეს, თუმცა ეს საქმე ყველაზე კარგად ფოქს ნიუსს გამოუვიდა. მაგალითად, 2007 წლის ეთერში ფოქსის ვარსკვლავმა, ბილ ო’რაილიმ თავის აუდიენციას სოროსის კარიკატურა გააცნო, მისმა სტუმარმა კი საზოგადოებას ამცნო, რომ სოროსი თავად ‘დოქტორი ბოროტება’ იყო, რომელსაც ამერიკა და ყველა მისი ფასეულობა სძულდა. სწორედ ეს კარიკატურა გახდა ირანული სახელმწიფო ტელევიზიის პირველი ანტი-სოროსული ფილმის შთაგონება, სადაც მისი ებრაული წარმოშობის აღნიშვნა არ დავიწყებიათ.

შეძახილმა ხე გაახმოო და ფოქსს მემარცხენეებმა და SNL-მაც კი აუწყვეს ფეხი, რითიც სოროსის ეშმად შერაცხვას საბოლოო ბეჭედი დაესვა. ორი წლის შემდეგ, ო’რაილის კიდევ ერთმა სტუმარმა სოროსს ‘ანტისემიტური სიმფონია’ მიუძღვნა, რომელშიც შეაჯამა ყველა უბედურება, რომლის მთავარი მიზეზიც ძია ჯორჯი იყო –  2009 წლის ფინანსური კოლაფსიც მას შეეწერა, ‘შავი ოთხშაბათიც’ და რევოლუციებიც – საქართველოში, უკრაინაში, სლოვაკეთსა და ჩეხეთში (ამ ორ უკანასკნელში არავითარი რევოლუცია არ მომხდარა, მაგრამ ეს მცირე ხარვეზი, აბა, რა სახსენებელია). გლენ ბეკის ეს მანიფესტი იქცა კუ-კლუქს-კლანისა და ო’რაილის მემკვიდრის – ტაკერ კარლსონის სამაგიდო სახელმძღვანელოდ, რაც დღემდე გრძელდება.

თავად სოროსს ამ ყველაფერზე ეცინება – აფერუმ მერდოკს, კაი ძალი ენერგია დახარჯა, ამდენი ხალხის გაბითურებას მაგარი მოხერხება ჭირდებაო. სიბერეშეპარული ორივე მილიარდერი ახლა საკუთარი მემკვიდრეობის შვილებისთვის გადასაცემად ემზადება, აი ტაკერ კარლსონისა და შოთა მარტინენკოს რიგითი მსმენელი კი ალბათ ვერც კი წარმოიდგენს, რომ მათთვის ბელზებელად შესაღებული მოხუცი სხვა არავინაა, თუ არა ჩვეულებრივი ბიზნესმენი, რომელმაც ოცდაათი წლის წინ გაკეთებული ერთი ჭკვიანური ფსონით თავისი მეტოქე ფრიად გაამწარა.

მსგავსი/Related

Back to top button