Placeholder canvas
მოსაზრებაწერილები

ვის იცავს სახალხო დამცველი?


საბა ბრაჭველი, იურისტი


ქვეყნის მეშვიდე სახალხო დამცველის არჩევა არნახულად გაიწელა – დღეს, 22 დეკემბერს, პარლამენტმა ვერ შეძლო კანდიდატის დამტკიცება და პროცესმა გაზაფხულამდე მაინც გადაიწია. არადა, ახალი ომბუდსმენის ვინაობით ბევრია დაინტერესებული – მისი საქმიანობის ვადა ოთხის ნაცვლად ექვსი წელი იქნება, ხოლო ამ პოსტზე სწორი ადამიანის შერჩევამ შეიძლება ევროკავშირში ინტეგრაციის ბედზეც მოახდინოს არასახუმარო გავლენა. ერთი სიტყვით, წლის მიწურულს ბევრს გაუჩნდებოდა კითხვა – რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, რაში გვჭირდება და საერთოდ, ვის იცავს სახალხო დამცველი?

ვინ არ არის სახალხო დამცველი?

სანამ იმას ვიკითხავდეთ, სახალხო დამცველი ვის იცავს, ჯერ ის ვნახოთ, სახალხო დამცველი ვინ არის და რას აკეთებს. ანდა, კიდევ უფრო თავიდან შემოვუაროთ და ის ვთქვათ, ვინ არ არის სახალხო დამცველი და რას არ აკეთებს ის. ასე საუბრის დაწყება იმიტომაცაა საჭირო, რომ ‘სახალხო დამცველი’ ფრიად არასწორი ტერმინია და თავიდანვე მცდარ მოლოდინებს ქმნის, ომბუდსმენის ისედაც უმადურ საქმეს კი დამატებით თავის ტკივილს უმატებს.

იქედან დავიწყოთ, რომ „სახალხო დამცველი“ არ არის პირდაპირი გაგებით „სახალხო“, რადგან ის იცავს ადამიანის (და არა ხალხის) უფლებებს. მრავლობითი და მხოლობითი აქ მხოლოდ გრამატიკის ან სემანტიკის საკითხი როდია. ეს პრინციპული განსხვავებაა, რაც ‘ბევრი ხალხის’ და ‘ერთი ადამიანის’ ინტერესთა ყოველდღიურ დაპირისპირებაში აისახება. პარლამენტს და მთავრობებს აქვთ უფლება, მოიქცნენ ისე, როგორც მათ ‘ხალხი უბრძანებს’. ომბუდსმენს ეს არ შეუძლია – ის უნდა მოიქცეს ისე, როგორც მოითხოვს სამართალი (და არა კანონი, თუმცა ამ განსხვავების შესახებ სხვა დროს ვისაუბროთ).

მეორე და მთავარი: სახალხო დამცველი არ არის „დამცველი“. ომბუდსმენს არ შეუძლია ჩაგრული ადამიანისთვის სარჩელის მომზადება, სასამართლოში ან ადმინისტრაციულ ორგანოსთან წარმომადგენლობა. ომბუდსმენის დოკუმენტებს კანონის ძალა არ აქვს. მისი ამიკუსები[1] სასამართლომ შეიძლება არც წაიკითხოს, მისი რეკომენდაციები – მთავრობამ არ შეასრულოს. საერთოდაც, სახალხო დამცველი, ანუ public defender სხვა ქვეყნებში სახაზინო ადვოკატებს ჰქვიათ, ანუ მათ, ვინც უპოვარ კლიენტებს უფასოდ ემსახურებიან. ერთი სიტყვით, ის აქტიური მოქმედება, რასაც ‘დაცვა’ ან ‘დამცველი’ გამოხატავს, საერთოდ არ არის ის, რაც სახალხო დამცველს კანონით შეუძლია. მისი მთავარი საქმე კითხვების დასმა, დაკვირვება და ანალიზია.

ვინ არის სახალხო დამცველი?

ორგანული კანონი სახალხო დამცველის უფლებამოსილებად ზედამხედველობას ასახელებს. ის უნდა აკვირდებოდეს, იკვლევდეს და საჯაროდ აცხადებდეს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას. სამწუხაროდ, ეს ჩვენს ქვეყანაში ისეთი ჰერკულეანური საქმეა, ბევრი წყალი ჩაივლის, სანამ სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიში 300 გვერდს ჩამოცდებოდეს.

სახალხო დამცველს ევალება ზედამხედველობა იმაზე, რომ რომელიმე ადამიანის უფლება სახელმწიფოს წარმომადგენელმა არ დაარღვიოს. ომბუდსმენი არის მონიტორი, მრჩეველი, მაყურებელი (სამწუხაროდ, მხოლოდ არა-სუბკულტურული გაგებით) და დამკვირვებელი, თუმცა კი უნდა ვაღიარო, რომ ყველა ეს ტერმინი გაცილებით ნაკლებ მიმზიდველად ჟღერს, ვიდრე ომახიანი ‘სახალხო დამცველი’.

სულ რაღაც 25 წელში საქართველოს პარლამენტმა ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავებული ომბუდსმენების არჩევა მოახერხა. პირველი მათგანი არჩევამდე ინჟინერი, პოლიციელი და შს მინისტრის მოადგილე იყო, მეორე კი – ჟურნალისტი, პროდიუსერი, დრამის რეჟისორი და ერთადერთი, ვინც იურიდიული განათლების გარეშე შეძლო ამ პასუხისმგებლობის ზიდვა. 2004 წლის შემდეგ პარლამენტი სახალხო დამცველად მხოლოდ იურისტებს და სტაჟიან უფლებადამცველებს ირჩევს, თუმცა, ნებისმიერი წარსულის ადამიანი რომ შეიძლება შეირჩეს ამ პოსტზე, ამას მიმდინარე კონკურსის მონაწილეთა ეკლექტური ბიოგრაფიებიც ადასტურებს.

ვის იცავს სახალხო დამცველი?

ომბუდსმენის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა დემოკრატიებში, სადაც ხელისუფლებებს დემოკრატია უმრავლესობის ტირანიაში ერევათ ხოლმე.  ომბუდსმენი სწორედ იმიტომ იმაღლებს ხმას სახელმწიფოს მიერ დაჩაგრული ნებისმიერი ადამიანის უფლებებზე, რათა ‘ხალხის ხმის მორჩილება’ უმცირესობების ჩაგვრაში არ გადაიზარდოს. ამ გაგებით, ომბუდსმენი ‘იცავს’ ნებისმიერ ადამიანს, რითიც – საბოლო ჯამში – იცავს თავად დემოკრატიას.

იმ ადამიანების გამო, ვისაც ჩვენი სახალხო დამცველები იცავდნენ, სხვადასხვა პერიოდში თავად მათ სცემდნენ, ლანძღავდნენ, დასცინოდნენ, ტროლ-ბოტებს უქსევდნენ და აბუჩად იგდებდნენ. არჩევიდან თაფლობის ერთი-ორი წლის გასვლის შემდეგ, ხელისუფლებები სახალხო დამცველის დამცირებას, მისი კომპეტენციის განქიქებასა და საქმიანობაში ხელის შეშლას იწყებდნენ ხოლმე.

აკი დავწერე ზემოთ – უმადური საქმეა-მეთქი: იმათ, ვისზეც სახალხო დამცველის მანდატი არ ვრცელდება (ან ვინც სახალხო დამცველისგან იურიდიული აქტების გამოცემას მოელის), სჯერათ, რომ ომბუდსმენი მხოლოდ სხვების უფლებებს იცავს; ხოლო მათ, ვისთვისაც სახალხო დამცველი შრომობს და რეკომენდაციებს გასცემს, მისი ჯაფა ეცოტავებათ ხოლმე, რაკი ომბუდსმენი მათი არც ადვოკატია, არც პირადი მცველი, არც ექიმი და არც სხვაგვარი წარმომადგენელი. ომბუდსმენი და მისი აპარატი მხოლოდ აკვირდება მოვლენებს, სწავლობს დოკუმენტებს და პერიოდულად რაღაცებს დარღვევებს უწოდებს ხოლმე.

არადა, მართლა მხოლოდ ეს არის სახალხო დამცველის საქმე. მას არ ევალება, რომ ფიზიკურად წინ გადაეღობოს უკანონო დამკავებლებს, არ ევალება, რომ თვითონ გამოუყოს ბინა უსახლკაროებს, ან ააშენოს პანდუსები. მისი საქმე არის იმის თქმა და შეხსენება, რომ ქვეყანაში უკანონოდ დაკავებულები, უსახლკაროები და დაჩაგრულები გვყავს. რომც არავის უნდოდეს მოსმენა, რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში, სურამის თავშესაფარში ან ციხის გისოსებს მიღმა, სახალხო დამცველმა ეს სიმართლე სახეზე უნდა აგვაფაროს. თუ სახელმწიფოს ადამიანის სახით წარმოვიდგენთ, მაშინ ომბუდსმენი მისი სინდისია, რომელიც მოურიდებლად და განუწყვეტლივ უნდა ახსენებდეს, რა არის სწორი, რას უნდა აკეთებდეს და რისკენ უნდა მიისწრაფოდეს ეს ჩვენი სახელმწიფო.

ვის დაიცავს სახალხო დამცველი?

რაკი ომბუდსმენის მთავარი საქმე ძალაუფლებათა ზედამხედველობა და სინდისის ხმის შესრულებაა, ამ ოფისის ‘სიკვდილს’ სხვა სამსახურებივით გაუქმება არ სჭირდება – მის სათავეში ჩუმი ან გაუბედავი ადამიანის მოსვლაც საკმარისია. თუ ომბუდსმენი მყისიერად არ ატეხს განგაშს პოლიტიკურ დევნაზე, თუ ის ‘დაელოდება გამოძიების შედეგებს’, როცა ჟურნალისტებს პოლიციის თვალწინ სცემენ, ან წამით მაინც შეყოყმანდება, როცა ორ პატიოსან კარტოგრაფს დრეიფუსის საქმეს უკერავენ, მაშინ ომბუდსმენი გინდ გყოლია და გინდ – არა.

ამიტომაც გაიწელა ახალი ომბუდსმენის არჩევა. ამიტომაც აინტერესებს თუნდაც ევროკავშირს, თუ ვინ დაიკავებს ამ თანამდებობას. სახალხო დამცველის არჩევა მართლმსაჯულების ოცდამეშვიდე ტალღა და რეფორმა არ არის, გამოწვლილვით ანალიზს რომ საჭიროებდეს. არჩეულ კანდიდატს მაშინვე შეეტყობა, გამოდგება თუ არა ომბუდსმენად – ილაპარაკებს თუ არა ხმამაღლა და მუდმივად, ექნება თუ არა ის თვისება, ყველაზე კარგად ინგლისური „integrity“ რომ გამოხატავს და ჩვენ პატიოსნებად ან კეთილსინდისიერებად რომ ვთარგმნით. ვიღაცებმა ნინო ლომჯარიას ომბუდსმენობა მხოლოდ გასულ წელს დააფასეს, მაგრამ ის სულ კვირების არჩეული იყო, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციას რომ შეეწინააღმდეგა და ზვიად რატიანის ცემაზე პოლიციელების დასჯა რომ მოითხოვა. ახალ ომბუდსმენსაც რამდენიმე კვირაში დაეტყობა, თუ ვის დაიცავს და როგორ.

და თუმცა ბევრჯერ ვახსენე ამ საქმის უმადურობა, გამონაკლისები მაინც არსებობს. თუ საკუთარ პრინციპებს არ უღალატებ და ოფისის წინ თუ ვირტუალურ სივრცეში ტროლების მოქსევა არ გაგაჩუმებს, შეიძლება ვადის მიწურულს ისე გამოვიდეს, რომ ნინო ლომჯარიასავით, ძალიან, ძალიან ბევრმა ადამიანმა გადაგიხადოს მადლობა.


[1] Amicus Curiae, იგივე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება დოკუმენტია, რომელიც მოსამართლეს განსახილველი საკითხის სრულყოფილად შეფასებაში ეხმარება და რომლის წარდგენაც სასამართლოსთვის ნებისმიერ ნეიტრალურ ადამიანს ან ორგანიზაციას შეუძლია.

მსგავსი/Related

Back to top button