ISFED-ი პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების „დროულად“ არჩევნისკენ მოუწოდებს
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 26 სექტემბერს მოუწოდა საქართველოს პარლამენტს „შეასრულოს კანონის მოთხოვნები“ და „დროულად“ აირჩიოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
„სამართლიანი არჩევნების“ განმარტებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (204-ე მუხლის, მე-7 პუნქტი) თანახმად, პარლამენტი ცესკოში დასანიშნ პირებს, როგორც წესი, პრეზიდენტის მიერ კანდიდატურების წარდგენიდან ორი კვირის ვადაში ირჩევს, „თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი“.
ორგანიზაცია საქართველოს საარჩევნო კოდექსზეც (მე-12 მუხლის, მე-9 ნაწილი) მიუთითებს, რომლის მიხედვითაც, პარლამენტი ცესკოში დასანიშნ კანდიდატებს პრეზიდენტის მიერ მათი წარდგენიდან არაუგვიანეს 14 დღისა ირჩევს.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარეობის ორი და წევრობის ორ ვაკანტურ ადგილზე ასევე ორ-ორი კანდიდატი 5 და 26 აგვისტოს წარადგინა, „სამართლიანი არჩევნები“ აცხადებს, რომ მათ ასარჩევად დადგენილი ორკვირიანი ვადა უკვე გასულია.
- 27/08/2022 – პრეზიდენტმა ცესკოს წევრობის ორი კანდიდატი შეარჩია
- 06/08/2022 – პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები შეარჩია
საგულისხმოა, რომ სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარეობის კანდიდატად მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი აღარ წარადგინა და გადწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ მან წინა ორ ჯერზე დეპუტატთა ხმების კვალიფიციური უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო, რაც თავჯმდომარის 5 წლის ვადით ასარჩევად არის საჭირო.
მაშინ, კალანდარიშვილმა თქვა, რომ მისთვის, „გარკვეულწილად მოულოდნელი იყო [პრეზიდენტის] ეს გადაწყვეტილება“. „ჩემთვის უცნობია იმ გარემოებების და მოტივების შესახებ, რაც საფუძვლად დაედო ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ორჯერ უკვე ვიყავი პრეზიდენტის მიერ წარდგენილი… ამიტომ, საინტერესო იქნებოდა მოგვესმინა განმარტებები, რომელიც ადმინისტრაციას ამ მიმართულებით ექნება, თუ ასეთი იარსებებს“, – დასძინა მან.
მოგვიანებით, საარჩევნო ადმინისტრაციაში ასევე განაცხადეს, რომ ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტება, მიუთითებს იმაზე, რომ სალომე ზურაბიშვილმა „გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა პოლიტიკური მოტივებით“.
სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილიც გამოეხმაურა და თქვა, რომ „სამწუხაროა“, რომ სალომე ზურაბიშვილმა პოსტზე მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი კომპეტენციის თვალსაზრისით „საგნობრივი“ დასაბუთების გარეშე არ დაასახელა. „ეს ჩემი აზრით, არის ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის წახალისება“, – აღნიშნა მან.
ასევე წაიკითხეთ:
- 22/08/2022 – შალვა პაპუაშვილი ISFED-ისა და ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შესახებ საუბრობს
- 08/08/2022 – ცესკო პრეზიდენტს „პოლიტიკურად მოტივირებული“ გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)