ახალი ამბები

ცესკო პრეზიდენტს „პოლიტიკურად მოტივირებული“ გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 8 აგვისტოს განაცხადა, რომ ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტება, მიუთითებს იმაზე, რომ სალომე ზურაბიშვილმა „გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა პოლიტიკური მოტივებით“.

ცესკოს განცხადება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 6 აგვისტოს განმარტებას მოჰყვა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის პოსტებზე მოქმედი თავჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილისა და ასევე მოქმედი ორი წევრის კანდიდატურები მესამედ იმიტომ აღარ წარუდგინა, რომ მათ წინა ორ ჯერზე ხმების უმრავლესობა (2/3) ვერ მოიპოვეს და დეპუტატებმა ისინი ორივეჯერ 5 წლის ნაცვლად მხოლოდ 6 თვის ვადით აირჩეს.

მანამდე, საქართველოს პრეზიდენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის პოსტზე პარლამენტს თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა, წევრობის ორ ვაკანტურ პოსტზე კი – ორი კანდიდატი მხოლოდ ერთისთვის აირჩია, ხოლო მეორისთვის ხელახალი კონკურსი გამოაცხადა.

„გარკვეულწილად მოულოდნელი იყო [პრეზიდენტის] ეს გადაწყვეტილება… ჩემთვის უცნობია იმ გარემოებების და მოტივების შესახებ, რაც საფუძვლად დაედო ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას… ამიტომ, საინტერესო იქნებოდა, მოგვესმინა განმარტებები, რომლებიც ადმინისტრაციას ამ მიმართულებით ექნება, თუ ასეთი იარსებებს“, – განაცხადა 6 აგვისტოს თავად კალანდარიშვილმა, რომელიც ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა.

ცესკოს განცხადებით, პრეზიდენტი ეჭვქვეშ არ აყენებს ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის პროფესიონალიზმს, ასევე აფასებს მის გამოცდილებას და საქმიანობას, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი გადაწყვეტილების მიზანი, როგორც ცესკოს თავმჯდომარის, ისე წევრების შემთხვევაში, საკონკურსო თანამდებობებზე უფრო ფართო პოლიტიკური კონსენსუსით შერჩეული კანდიდატურების გამოვლენა იყო.

„ეს კი არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში, როცა კანდიდატების მიმართ აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებებით მათი დისკრედიტაცია ხდება, საკმაოდ რთულად მისაღწევია. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის კვლავ არიან საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები“, – განმარტავენ ცესკოში.

შედეგად, ცესკოს შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება „პოლიტიკური ინსინუაციების მიზეზი გახდა“ და „ისმის მოსაზრებები, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიზეზი, შესაძლოა, იყოს ცესკოს მოქმედი წევრების პოლიტიკური მიკერძოება ან 2021 წლის არჩევნების ხარვეზებით ჩატარების ხაზგასმა“.

„აღნიშნული კი აზიანებს არა მხოლოდ კონკურსში მონაწილე კონკრეტული პირების პროფესიულ ღირსებას, არამედ საარჩევნო ადმინისტრაციის, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის რეპუტაციას“, – ნათქვამია ცესკოს გნცხადებაში.

ცესკო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „საარჩევნო ადმინისტრაცია დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც მუშაობს დემოკრატიული პრინციპების დაცვით, მაღალი პროფესიული სტანდარტით, გამჭვირვალედ და სამწუხაროა, რომ ამ ინსტიტუციის და მისი წარმომადგენლების საქმიანობის შეფასება არა ობიექტური კრიტერიუმებით, არამედ პოლიტიკური მოტივებით ხდება“.

„პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაცია და მისი თავმჯდომარე, კანონის შესაბამისად, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. მოქმედი თავმჯდომარე, ისევე როგორც ცესკოს 2 წევრი, მოვალეობას შეასრულებენ იმ დრომდე, სანამ კანონმდებლობის დაცვით მათი შემცვლელები არ იქნებიან არჩეულნი“, – აცხადებენ ცესკოში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button