skip to content
ახალი ამბები

პრემიერმინისტრი საუდის არაბეთს სტუმრობდა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად 21-22 დეკემბერს საუდის არაბეთის სამეფოს სტუმრობდა, სადაც იგი საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრეს, პრემიერ-მინისტრ პრინც მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა მიმოიხილეს და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

მათვე „საქართველოს, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი სატრანზიტო ჰაბის და დიდი პოტენციალის მქონე სატრანსპორტო დერეფნის, გაზრდილ როლსა და მნიშვნელობას“ გაუსვეს ხაზი.

ტურიზმის სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე საუბრისას, პრემიერმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის სწრაფად მზარდი სექტორია, საუდის არაბეთის მოქალაქეები უვიზო რეჟიმით სარგებლობენ და მისასალმებელია, რომ საუდის არაბეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება“.

შეხვედრაზე საინვესტიციო მიმართულებებზეც ისაუბრეს, რა დროსაც, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „საქართველო საუდის არაბეთისთვის მიმზიდველი ქვეყანაა როგორც სახელმწიფო საინვესტიციო ფონდების, ისე კერძო ბიზნესის მიმართულებით“. „პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა მიესალმება საუდის არაბეთის სამეფოდან უფრო მეტი ინვესტორის შემოსვლას საქართველოში“.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ მხარეთა ერთობლივი განცხადების ტექსტიც გაავრცელა, რომლის თანახმადაც, საქართველოსა და საუდის არაბეთის პრემიერებმა რუსეთ-უკრაინის ომზეც იმსჯელეს და ხაზი გაუსვეს გაუსვეს „დავის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მნიშვნელობას და ვითარების ესკალაციის ყველა შესაძლო გზითა და საშუალებით შემცირების აუცილებლობას, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის აღდგენას, ხოლო ხსენებული კრიზისის უარყოფით შედეგებს შეამცირებს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button