skip to content
ახალი ამბები

ე.წ. „ქოლ ცენტრების“ საქმეზე საქართველოში ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინეს

გენერალურმა პროკურატურამ 9 ნოემბერს განაცხადა, რომ საქართველოსა და 7 ქვეყნის შესაბამისი უწყებების ჩართულობით, ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მიერ ჩატარებული „ფართომასშტაბიანი ღონისძების“ შედეგად, ე.წ. „ქოლ ცენტრების“ საქმეზე საქართველოსა და კიდევ 3 ქვეყანაში ტრანსნაციონალური დანაშული გამოავლინეს.

პროკურატურის განცხადებით, ღონისძიება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა და მასში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 60 და საქართველოს სამართალდამცველი ორგანოების 300-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა.

ამავე ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში 5 ე.წ. „ქოლ ცენტრი“, ათეულობით ფიზიკური პირი, მათი საცხოვრებელი სახლები, ავტომანქანები და სამუშაო ადგილები გაჩხრიკეს და ასეულობით ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა ამოიღეს. ამასთან, ყადაღა დაადეს სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებებს და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხებს.

პროკურატურის ცნობით, პირველ ეტაპზე, სისხლისსამართლებრივი დევნა სხვადასხვა ქვეყანაში დაწყებულია დანაშაულის ორგანიზატორთა გარკვეული ნაწილის მიმართ, საქართველოში კი – დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

უწყებისვე განცხადებით, დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობა გულისხმობს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე ე.წ. „ქოლ ცენტრების“ მეშვეობით ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის გერმანიის მოქალაქეების კუთვნილი მილიონობით ევროს თაღლითურად დაუფლებას და შემდგომში მათ გათეთრებას.

„დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ე.წ. „ქოლ ცენტრის“ ფუნქციონირებისათვის, სხვადასხვა საფირმო სახელწოდებით ქმნიდნენ ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფდა მომხმარებლისაგან თაღლითურად მოპოვებული თანხების განთავსებას ფიქტიური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

საგამოძიებო უწყების განმარტებით, ანალოგიური დანაშაულისთვის საქართველოს პროკურატურას სისხლის სამართლებრივი დევნა ე.წ. „ქოლ ცენტრების“ საქმიანობაში ჩართული 36 ფიზიკური და 2 იურიდიული პირის მიმართ აქვს დაწყებული.

პროკურატურაში აგრეთვე აცხადებენ, რომ ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა უწყებისთვის „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“ და მის წინააღმდეგ ბრძოლაში ეფექტიანი თაამშრომლობის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოხატავენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button