skip to content
ახალი ამბები

არასამთავრობოები აჭარის მაუწყებელში დევნის უწყვეტ პრაქტიკაზე საუბრობენ

სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ“ 22 ნოემბერს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელშიც „უწყვეტი დევნის პრაქტიკის“ შესახებ ერთობილივი ანგარიში გამოაქვეყნეს. ანგარიშის მიხედვით, 2019 წლიდან მაუწყებლის ახალი დირექტორატი, „უხეშად არღვევს როგორც ჟურნალისტების ინდივიდუალურ უფლებებს, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლობის უმთავრეს პრინციპებს – იყოს სახელმწიფო გავლენებისგან თავისუფალი, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გამტარებელი, სამართლიანი და მიუკერძოებელი“.

ზოგადი მიმოხილა

არასამთავრობოების განმარტებით, სწორედ ამ პერიოდიდან იწყება უკანონო გადაწყვეტილებების მიღების მთელი ციკლი – შიდაორგანიზაციული ცვლილებები, ჟურნალისტების ტოტალური კონტროლი, მათი დისციპლინური დევნა, შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტა/შეცვლა.

„მაუწყებელი უხეშად და მიზანმიმართულად ერეოდა და ერევა კრიტიკულად განწყობილი, პროფკავშირში გაწევრიანებული ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისკენ აშკარა მითითებებით, საქმიანობის შეზღუდვით, საქმიანობიდან ფაქტობრივი ჩამოშორებით“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ყოველივე ამის პარალელურად, იცვლებოდა მაუწყებლის მუშაობის შინაარსი და სარედაქციო პოლიტიკაც“, რაც მაგალითად, მაუწყებლის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გამოიხატებოდა „მნიშვნელოვანი ამბების მიჩქმალვა/არგაშუქებაში, ბალანსის ხელოვნურად დაცვასა და კრიტიკისგან დაცლილი [მასალების] გავრცელებაში“. ამასთან, გადაცემაში მოწვეულ სტუმრებს აღარც კრიტიკულ შეკითხვებს უსვამდნენ.

არასამთავრობოები ასევე ხაზგასმით ამბობენ, რომ აჭარის მაუწყებელში „მიმდინარე ნეგატიური პროცესები მთლიანობაში, ქვეყანაში პოლიტიკური და მედია კლიმატის გაუარესების ტენდენციას ემთხვევა“.

„პოლიტიკური პოლარიზებისა და მასთან დაკავშირებული პოპულიზმის კვალდაკვალ, ხელისუფლება ხშირად სწორედ ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციებისგან ქმნის მტრის ერთგვარ ხატს, რომელთანაც ბრძოლა პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლის მოტივით მართლდება“, – აცხადებენ ისინი და დასძენენ, რომ აღნიშნულის უკან „დემოკრატიული სივრცის შეკუმშვისა და ხელისუფლების კონტროლის და ანგარიშვალდებულების ავტორიტარული ინსტინქტები უფრო იკითხება“.

დასაქმებულთა შრომითი უფლებების დარღვევა

ანგარიშის თანახმად, 2019 წელს მაუწყებლის დირექტორად არჩევის შემდეგ, გიორგი კოხრეიძემ პოზიციებს ყველა ის პირი ჩამოაშორა, რომლებიც სარედაქციო დამოუკიდებლობაზე აგებდნენ პასუხს. მაგალითად, ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერსა და რედაქტორს, ნათია შავაძეს. ასევე, კოხრეიძემ ცალმხრივად მაუწყებლის ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის მოადგილის, ნათია ზოიძის ხელშეკრულება და მისი პოზიცია უფუნქციო გახადა, რის გამოც იგი იძულებული იყო, რომ გადამდგარიყო.

ანგარიშის მიხედვით, ამავე პერიოდში, გიორგი კოხრეიძემ სამსახურიდან აგრეთვე უკანონოდ გაათავისუფლა ახალი ამბების სამსახურის მაშინდელი უფროსი, შორენა ღლონტი, გააუქმა ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის, მაია მერკვილაძის პოზიცია. ასევე, უკანონოდ გაათავისუფლა საინფორმაციო გადაცემის წამყვანი თეონა ბაკურიძე.

ამასთან, სოციალურ ქსელში ახალი დირექტორის მიმართ კრიტიკული განცხადება გახდა მიზეზით სამსახურიდან საავტორო შემოქმედებითი სამსახურის საღამოს გადაცემების წამყვანისა და რეპორტიორის, მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლების მიზეზიც, რომელიც ალტერნატიული პროფესიული კავშირის თავმჯდომარეცაა. გარდა ამისა, „დაუსაბუთებელი დისციპლინური პასუხისმგებლობა“ დააკისრეს კოხრეიძის მიმართ კრიტიკულად განწყობილ რამდენიმე სხვა თანამშრომელს.

დოკუმენტში აღნიშნულია, მაუწყებელში დაწყებული და მიმდინარე პროცესები „საბოლოო ჯამში, არაერთი ადამიანის დისკრედიტაციის, დევნის, შევიწროების, დისკრიმინაციის, სამსახურიდან უკანონო გათავისუფლების გზით მაუწყებლობის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავს მიზნად“.

იქვე ხაზგასმულია, რომ კონკრეტული ადამიანების დისკრიმინაციის, შრომითი უფლებების შელახვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკის პროსახელისუფლებოდ გადაქცევას ცდილობს.

სასამართლოს როლი

არასამთავრობოები შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით მაუწყებლის თანამშრომლების მიერ დაწყებულ სასამართლო დავებზეც ამახვილებენ ყურადღებას და ხაზს უსვამენ, რომ პროცესი „ორ წელზე მეტია მიმდინარეობს და მაუწყებლის მიზანმიმართული ქმედებების გამო უსაფუძვლოდ ჭიანურდება“.

უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია, სასამართლომ აღნიშნული დავები დაინახოს ერთიან კონტექსტში, „როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიზირების, მისი სარედაქციო პოლიტიკის არსებითი შეცვლის და ჟურნალისტური საქმიანობის ხელყოფის ერთობლივი პროცესი“.

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ გამოიყენოს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ყველა საპროცესო მექანიზმი და დაჩქარებულ ვადებში განიხილოს თითოეული დავა, რათა დროულად შეწყდეს დასაქმებულთა მუშაობაში უფლებების შეზღუდვის, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელყოფის მიმდინარე პროცესები“.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოში არჩევის წესი

დოკუმენტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 5-წევრიანი მრჩეველთა საბჭოს არჩევის წესის ხარვეზიანობაზეც ამახვილებენ ყურადღებას და ხაზს უსვამენ, რომ ის არ არის თავისუფალი პოლიტიკური ზეგავლენებისგან, რამდენადაც მის წევრებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებისა და უფრაქციო დეპუტატები ირჩევენ.

არასამთავრობოების შეფასებით, „ორაზროვანია კვოტირების შესახებ ჩანაწერიც, რომელიც „ტოვებს ინტერპრეტირების იმგვარ შესაძლებლობას, რომ უმრავლესობაში მყოფმა პარტიამ უმრავლესობის შექმნა მრჩეველთა საბჭოშიც შეძლოს“.

„მრჩეველთა საბჭოს არჩევის ამგვარი პოლიტიზება, ასევე საკანონმდებლო ნორმის ბუნდოვანება, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო პოლიტიკას, მის მიუკერძოებლობას და აზიანებს მაუწყებლის ავტორიტეტს მაყურებლისა და მსმენელის თვალში“.

სარედაქციო დამოუკიდებლობის პრობლემა

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა „არსებითად გადაჯაჭვულია დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის საკითხთან“ და „შრომითი დაცვის დაბალი სტანდარტები და უკანონო გადაწყვეტილებები შრომით ურთიერთობებში საფრთხეს უქმნის მაუწყებლის სტაბილურ და დამოუკიდებელ განვითარებას“.

„2019-2020 წლებში განვითარებულმა მოვლენებმაც აჩვენა, რომ შრომითი ურთიერთობის არასათანადო გარანტიები აშკარად უარყოფით ზეგავლენას ახდენს საზოგადოებრივი მაუწყებლის სათანადო ფუნქციონირებაზე“, – ნათქვამია ანგარიშში.

მასში ასევე ხაზგასმულია, რომ „მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მაუწყებლის დამოუკიდებლობაზე პასუხისმგებელი კადრები აჭარის მაუწყებლის დებულებაში ორგანიზაციული სტრუქტურის ნაწილად შევიდნენ, რომ მათი შეცვლაც და სამსახურიდან გათავისუფლებაც დირექტორსა და მმართველთა საბჭოს განსხვავებული კვოტით (საბჭოს 2/3) და უფრო მაღალი ლეგიტიმაციის პირობებში მოუხდეს“.

  • კვლევის სრული ვესრიის სანახავად მიჰყევით ბმულს

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button