Placeholder canvas
ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი და ოლივერ ვარჰეი საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდნენ

ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ, საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეიმ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს გაფართოებულ შეხვდნენ და ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით განსახორციელებელი პროექტების დაფინანსების გზები განიხილეს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის, იმსჯელეს ენერგეტიკისა და კავშირგაბმულობის სფეროებსა და სავაჭრო მიმართულებით არსებულ თანამშრომლობის საკითხებზე.

მათვე შავ ზღვაში დაკავშირებადობის მიმართულებით პრიორიტეტულ პროექტებზე გაამახვილეს ყურადღება, რა დროსაც პრემიერა აღნიშნა, რომ „ამ სტრატეგიული პროექტების ნუსხა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს, ხოლო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს თვისებრივად ახალ დონეზე გადაიყვანს“.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს, თავისი სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპის ენერგომომარაგების უზრუნველყოფის მიმართულებით“.

მათვე ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები და მათი იმპლემენტაციის დინამიკაც მიმოიხილეს და საქართველოსთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის ამ ხელშეკრულებების ამოქმედების შედეგად მოტანილ კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს გაუსვეს ხაზი.

„ჩვენი გეგმა ეხება კავშირების დამყარებას, ენერგეტიკის, ციფრულ და ტრანსპორტის სფეროებში“, – დაწერა შეხვედრის დასრულების შემდეგ ოლივერ ვარჰეიმ Twitter-ზე და დასძინა – „დღეის მდგომარეობით, 34 000 მცირე და საშუალო საწარმო იღებს მხარდაჭერას. გვინდა, რომ მათი რაოდენობა 80 000-მდე გაიზარდოს“.

„ჩვენი მიზანია მივაღწიოთ ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას და კეთილდღეობას“, – ხაზი გაუსვა მანვე.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა გაფართოებულ ფორმატში, ევროკავშირსა და საქართველოს, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის“, – დაწერა თავის მხრივ პრემიერმა ღარიბაშვილმა ასევე Twitter-ზე.

მანვე დასძინა, რომ „ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა, რომ დავგეგმოთ ჩვენი შემდგომი გზა და როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად საჭირო რესურსების მობილიზება მოვახდინოთ“.

შეხვედრას, ევროკომისიისა და საქართველოს დელეგაციებთან ერთად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ევროპის საინვესტიციო ბანკის, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button