გოგი წულაია სასამართლომ ნაწილობრივ გაამართლა და 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 14 ნოემბერს განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ გაამართლა პარტია თავისუფალი საქართველოს ყოფილი წევრი, გოგი წულაია და მას 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
- 17/03/2021 – შსს-მ გოგი წულაია ქალის ცემის ბრალდებით დააკავა
საგამოძიებო უწყების განმარტებით, სასამართლომ წულაიას პატიმრობა ძალადობისთვის (სსკ-ის126-ე, I) შეუფარდა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. რაც შეეხება, ძალადობით ჩადენილ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას (138, I), ის ამ ნაწილში გაამართლეს.
პროკურატურა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.
გოგი წულაიას ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ წულაია ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და სხვა ქვეყანაში თავშესაფრის მოთხოვნას გეგმავს.
გოგი წულაია ქალის ცემის ბრალდებით, 2021 წლის 17 მარტს თბილისში დააკავეს. მოგვიანებით, პროკურატურამ მას ბრალი ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების მუხლით დაუმძიმა. საქალაქო სასამართლომ წულაიას 19 მარტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
წულაიამ წინასწარი პატიმრობაში დაახლოებით სამთვენახევარი გაატარა და იგი 6 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 2021 წლის 1 ივლისს გაათავისუფლეს. შესაბამისად, მას 2 თვეზე ოდნავ მეტი ხნით პატიმრობა ემუქრება.
საგულისხმოა, რომ გოგი წულაიას დაკავებას წინ მის მიერ „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში გასული ფარული ჩანაწერების გამო ტელეეთერით ბერა ივანიშვილის გინება უძღვოდა, რის გამოც ოპოზიცია მიიჩნევდა, რომ წულაიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება „შერჩევით სამართალსა“ და „ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებდა“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)