skip to content
ახალი ამბები

ნატოს პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტი საქართველოს სტუმრობს

თავდაცვის სამინისტრომ 11 ნოემბერს განაცხადა, რომ საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ნატოს პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის (PCSC) დელეგაცია სტუმრობს.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კომიტეტის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატოს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

უწყებისვე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივმა ცენტრმა (JTEC) ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მონაწილეობით თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე უწყებათაშორის შეხვედრას უმასპინძლა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მონაწილეებმა რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსა და მზარდ გამოწვევებზე, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის რეფორმებზე და გამოწვევების გათვალისწინებით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატოს მადრიდის სამიტზე [მიღებული] „საქართველოსთვის მორგებული მხარდაჭერის დოკუმენტის“ განხორციელებას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გაძლიერების გზით, რაც თავდაცვის შესაძლებლობების კიდევ უფრო განმტკიცებასა და მოკავშირეთა მხრიდან ქმედითი ღონისძიებების გატარებას მოიაზრებს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button