ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი დამტკიცდა
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 2 დეკემბერს, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ განაცხადა, რომ მოკავშირეებმა და საქართველომ ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი დაამტკიცეს.
განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მისი უკრაინელი კოლეგა დმიტრო კულება მინისტერიალზე, რომელიც ვიდეო ფორმატში გაიმართა, მოკავშირეებს შეხვდნენ და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება განიხილეს.
Great to have FM @DmytroKuleba ?? and @DZalkaliani ?? participating in today’s meeting of #NATO Foreign Ministers, discussing inter alia Black Sea security. Both countries are among
NATO’s closest and most active partners. We highly appreciate our partnership. pic.twitter.com/DQUE0NZzQt— Germany at NATO (@GermanyNATO) December 2, 2020
„სწორედ ის ფაქტი, რომ ამ მინისტერიალს ვმართავთ, არის ძალიან მკაფიო სიგნალი ჩვენი მხარდაჭერისა. ეს გამოხატავს ნატოს ყველა მოკავშირის ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას საქართველოს, მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ასევე აჩვენებს, რომ ჩვენ უზრუნველვყოფთ როგორც პოლიტიკურ, ისე პრაქტიკულ მხარდაჭერას“, – განუცხადა გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტებს.
მან აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლებით, ალიანსი საქართველოს პოლიტიკურ მხარდაჭერას გააძლიერებს და დასძინა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები შემდეგ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ, რაც რეგიონის შესახებ ცნობიერების ამაღლებას დაეხმარება.
აღნიშნა რა, რომ „რუსეთი განაგრძობს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას“, ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ნატო ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში თავისი ყოფნის გაძლიერებით პასუხობს მას და კიდევ უფრო გააძლიერებს ორივე ქვეყნის პრაქტიკულ მხარდაჭერას.
ქართულ მედიასთან მინისტერიალისა და განახლებული არსებითი პაკეტის დეტალებზე საუბრისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ პაკეტს ახალი პრაქტიკული კომპონენტები დაემატა, მათ შორისაა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერება, ნატოს მოკავშირეების საპორტო ვიზიტების რაოდენობის ზრდა, ინტენსიური წვრთნები და გაფართოებული თანამშრომლობა მედიცინის სფეროში.
The Substantial NATO-Georgia Package has enhanced Georgia’s interoperability with #NATO since 2014. #NATO Foreign Ministers have just endorsed its ‘Refresh’. The German-led MMCC/EMC will lead the new Military Medical Capacity Development initiative. https://t.co/wWIMZf1NSy pic.twitter.com/t043QBr5HD
— Germany at NATO (@GermanyNATO) December 2, 2020
„ასევე, ეს ითვალისწინებს უსაფრთხო კომუნიკაციას, რაც უაღრესაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ ნატოს სტანდარტები დავაკმაყოფილოთ და გვქონდეს ნატოსთან უსაფრთხო კომუნიკაციის არხები. დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ჩვენ კიბერთავდასხმებისა და სხვადასხვა ჰიბრიდული საფრთხეების წინაშე ვდგავართ, ამ ელემენტის გაძლიერებას, ნატოსთან ინტეგრაციის კონტექსტში, უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება“, – დასძინა ზალკალიანმა.
მისივე თქმით, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალმა ამ კუთხით „ხელშესახებ შედეგს“ მიაღწია და „ჩვენ მივიღეთ გაძლიერებული არსებითი პაკეტი, რომელიც აძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიონობას, ჩვენს მდგრადობას, გვაახლოებს ნატოსთან და ზრდის ჩვენს თავსებადობასთან ნატოსთან“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)