ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 10 ნოემბერს თბილისში ვიზიტად მყოფ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, იან ლიპავსკის შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დროს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში ხაზს უსვამს ჩეხეთის მიერ საქართველოს პრიორიტეტების მტკიცე მხარდაჭერას.

ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა“ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე“ გაამახვილეს ყურადღება, რა დროსაც საქართველოს პრემიერმა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების დინამიკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მხარეებმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოზეც ისაუბრეს, რა დროსაც საქართველოს საკვანძო სტრატეგიულ მდებარეობას გაუსვეს ხაზი და აღნიშნეს რომ  საქართველო რეგიონში ევროკავშირის საიმედო პარტნიორი და მოკავშირეა.

„საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპის ენერგომომარაგების უზრუნველყოფის მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მანამდე, ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ქართველმა კოლეგამ უმასპინძლა. ამის შემდეგ იან ლიპავსკიმ გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი მოინახულა. გეგმის მიხედვით, იგი ცხინვალის საოკუპაციო ხაზსაც უნდა ეწვიოს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button