skip to content
ახალი ამბები

თბილისს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობს

თბილისში ვიზიტად მყოფ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, იან ლიპავსკის 10 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა უმასპინძლა და სხვა საკითხებთან ერთად, ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა, ვაჭრობის, ეკონომიკის, ტურიზმისა და განათლების მიმართულებებით.

„განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია ის ფაქტი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის ვიზიტი ჩეხეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში ხორციელდება, რაც ერთი მხრივ, ჩვენი გამორჩეული ურთიერთობების ნათელი დასტურია, მეორე მხრივ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისადმი ჩეხეთის მტკიცე მხარდაჭერას უსვამს ხაზს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა ჩეხ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ამ ურთულეს და გამოწვევებით აღსავსე დროს, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უახლოესი პარტნიორების თანადგომას. ვაფასებთ, რომ ჩეხეთი ჩვენი ერთგული მოკავშირე და მხარდამჭერია“, – დასძინა მან.

თავის მხრივ, ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, იან ლიპავსკიმ Twitter-ზე დაწერა, რომ ილია დარჩიაშვილთან საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მისი ქვეყნის მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება.

„მე იგი დავარწმუნე, რომ საქართველოს შეუძლია ჰქონდეს ჩვენი მხარდაჭერის იმედი. „ჩვენ ასევე საქართველოს გვერდით ვართ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე“, – დასძინა მან.

ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრაზე ჩეხ კოლეგას საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესის მიმდინარეობასა და იმ პროგრესის შესახებ მიწოდა ინფორმაცია, რომელსაც საქართველომ მიაღწია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული პერსპექტივის აღიარებამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას გაუხსნა კარი და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები სრულიად ახალ ეტაპზე აიყვანა.

„ევროპელი პარტნიორებისა და მეგობრების გზავნილი, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, წარმოადგენს ძლიერ მოტივაციას, რათა წარმატებით გავიაროთ ამ გზის ყოველი ეტაპი“, – დასძინა მან.

უსაფრთხოება

შეხვედრაზე მხარეებმა უსაფრთხოების სფეროში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავებაზეც იმსჯელეს და საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური რეგიონული ცენტრის სტრატეგიულ როლზეც გაამახვილეს ყურადღება და ევროპის უსაფრთხოების გაძლიერების პროცესში საქართველოს მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ ტრანსფორმაციისა და რეფორმების განხორციელებაში ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ჩეხეთის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებული პროექტები უმნიშვნელოვანესი როლიც აღნიშნეს,

„საქართველო რჩება ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ რეგიონში, წლის ბოლომდე დაგეგმილია მნიშვნელოვანი მაღალი დონის ვიზიტები ბრიუსელიდან, რაც კარგი შესაძლებლობა იქნება საერთო ინტერესის საკითხებისა და რეგიონში არსებული გამოწვევების განსახილველად“, – თქვა ილია დარჩიაშვილმა.

ომი უკრაინაში და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები

საქართველოსა და ჩეხეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით შექმნილ რთული ვითარება და უკრაინაში მიმდინარე ომიც განიხილეს.

ილია დარჩიაშვილმა ჩეხ კოლეგას რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. მანვე ხაზი გაუსვა ჩეხეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და იმ მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც ჩეხეთს შეაქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობაში.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდება. ასევე, გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს მოინახულებს და ცხინვალის საოკუპაციო ხაზსაც ეწვევა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button