ახალი ამბები

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები სოხუმსა და ცხინვალს სტუმრობდნენ

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები – ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების მართვის საკითხებში, ტოივო კლაარი და გაეროს წარმომადგენელი, ჯიჰან სულთანოღლუ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს სტუმრობდნენ.

შეხვედრა სოხუმში

სოხუმში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები 9 ნოემბერს აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს“, ირაკლი ტუჟბას შეხვდნენ. აფხაზეთის „საგარეო უწყების“ ინფორმაციით, განხილვის მთავარი თემა ჟენევის დისკუსიების 57-ე რაუნდი იყო. ამ კონტექსტში, ტუჟბამ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, დისკუსიების დღის წესრიგის მთავარ საკითხად ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმება რჩება.

ტუჟბამ აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით პროგრესი მიღწეული არ არის და რომ ამის მიზეზი საქართველოს „დესტრუქციული პოზიციაა“.

მისივე თქმით, „საქართველოს სამხედრო აქტიურობის გამო რეგიონში დაძაბულობის ესკალაციის მაღალი ალბათობა“ ძალის არგამოყენების შეთანხმების ხელმოწერის საჭიროებას კიდევ უფრო ზრდის.

ტუჟბამ „აფხაზეთის მოქალაქეობის“ მქონე პირთათვის გადაადგილების თავისუფლების საკითხიც დააყენა და ხაზი გაუსვა, რომ „აფხაზეთის ეროვნული პასპორტების სამგზავრო დოკუმენტებად აღიარების საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება“.

მისი თქმით, აფხაზეთთან მიმართებით დისკრიმინაციული მიდგომები გამოიყენება და „ეს ძალიან სერიოზული ჰუმანიტარული პრობლემაა, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს“.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობის განახლებისთვის საჭირო ნაბიჯებს. გალის შეხვედრები 2018 წლიდან შეჩერებულია, როდესაც რუსმა და აფხაზმა მონაწილეებმა 57-ე შეხვედრა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე უთანხმოების გამო დატოვეს.

შეხვედრა ცხინვალში

ცხინვალის „რეგიონის საგარეო“ უწყების ინფორმაციით, 8 ნოემბრის შეხვედრაზე ცხინვალმა რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის არსებული სისტემის გაძლიერების საჭიროებას გაუსვა ხაზი და კიდევ ერთხელ გაიმეორა პოზიცია ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების ხელმოწერის საჭიროების თაობაზე.

ცხინვალმა ასევე დაადასტურა ერთგულება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში მუშაობის მიმართ, „მსოფლიოში რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად“.

ამ კონტექსტში, მათ IPRM-ისა და ცხელი ხაზის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი, რომლებიც რეგულარულად გამოიყენება.

ტუჟბას მსგავსად, ცხინვალის წარმომადგენლებმაც გამოთქვეს შეშფოთება უცხო ქვეყნების მიერ „საქართველოს ტერიტორიის სამხედრო ათვისების გამო“ და განაცხადეს, რომ საქართველოში არსებული ბიოლოგიური ლაბორატორიები საფრთხეს წარმოადგენენ.

შეხვედრაზე ცხინვალმა ჩორჩანა-წნელისის საპოლიციო საგუშაგოს საკითხიც დააყენა.

არსებული ინფორმაციით, ჟენევის დისკუსიების 57-ე რაუნდი 2023 წლის თებერვალში გაიმართება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button