skip to content
ახალი ამბები

ცხინვალის უშიშროების სამსახური ლუგარის ცენტრს და აშშ-ის ჯანდაცვის ობიექტებს უტევს 

ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი და პენტაგონთან ასოცირებული ჯანდაცვის ობიექტები ბიოლოგიურ ომთან დაკავშირებით რუსეთისა და ცხინვალის ბრალდებების სამიზნე კიდევ ერთხელ გახდა.

ცხინვალის უშიშროების სამსახურმა, რომელსაც FSB-ს ყოფილი თანამშრომელი, ოლეგ შირანი ხელმძღვანელობს, 2 თებერვალს განაცხადა, რომ თბილისს შეუძლია ლუგარის ცენტრის მიერ ინფექციური დაავადებების კვლევა რეგიონში „ბიოტერორიზმისთვის“ გამოიყენოს.

აღნიშნა რა, რომ ლუგარის ცენტრი კორონავირუსებზე ექსპერიმენტებს ატარებდა, ცხინვალის კგბ-მ განაცხადა, რომ ნიუ-იორკში მდებარე ორგანიზაცია Eco Health Alliance, რომელიც „აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პროგრამის ფარგლებში ღამურების კვლევაში მონაწილეობს, საქართველოში ფუნქციონირებს და ვუჰანის ლაბორატორიასთან აქვს კონტაქტები“.

ბრალდებები წინ უძღვის ცხინვალის რეგიონში აპრილში დაგეგმილ „საპრეზიდენტო არჩევნებს“, სადაც მოქმედი ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი ხელახლა აპირებს კენჭისყრას.

ცხინვალის უშიშროების სამსახურმა უოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტიც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ლუგარის ცენტრის მახლობლად დამატებითი ლაბორატორია და ადმინისტრაციული შენობა აშენდება, სადაც მხოლოდ ამერიკელი სამხედრო ექიმები იმუშავებენ.

„საქართველო პირდაპირ დასავლეთიდან იმართება“, – განაცხადა უშიშროების სამსახურმა და დასძინა, რომ ამერიკული ბიოლაბორატორიების საკუთარ ტერიტორიაზე განთავსებისა და ფუნქციონირების საკითხზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე თბილისს არანაირი გავლენა აქვს.

უშიშროების სამსახურმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოში გრძელდება C ჰეპატიტის მკურნალობის შემდგომი კვლევა, რათა ვირუსი არსებულ წამლებთან მიმართებით უფრო რეზისტენტული გახდეს. მისივე ინფორმაციით, ამგვარი მკურნალობის შედეგად საქართველოში უკვე დაიღუპა 249 პაციენტი.

უშიშროების სამსახურმა ასევე აღნიშნა, რომ რეგიონში და თბილისის მიერ კონტროლირებადი საჩხერის მუნიციპალიტეტის მახლობლად ღორის აფრიკული ჭირის შემთხვევები დაფიქსირდა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება საქონლის დაავადების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას არ ასაჯაროებს.

ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი მისი დაარსების დღიდან მოსკოვის დეზინფორმაციისა და კრიტიკის სამიზნეა.

2020 წელს, რუსეთის დუმაში მმართველი პარტის, „ერთიანი რუსეთის“ დეპუტტმა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, იური შვიტკინმა განაცხადა, რომ ნოვიჩოკის ტიპის ქიმიური ნერვული აგენტები საქართველოსა და აშშ-ში არსებულ ლაბორატორიებში მზადდება.

საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ უარყო ბრალდებები და 2018 წელს უცხოურ მედიას და ექსპერტებს ლაბორატორიის კარიც გაუღო, თუმცა რუსმა სამხედრო ექიმებმა ეს მოწვევა არ მიიღეს.

2018 წელს, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა განაცხადა, რომ ლუგარის ცენტრი, რომელსაც ამჟამად სრულად იმართება და ფინანსება საქართველოს მთავრობის მიერ, გაეროს კონვენციების შესაბამისად გამჭვირვალობის საერთაშორისო ვალდებულებებს ასრულებს.

საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, 2020 წელს რუსეთმა ჯანდაცვის სამინისტროსა და ლუგარის ცენტრზე კიბერშეტევა განახორციელა, რომლის მიზანიც ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრალური ოფისის და მისი სტრუქტურული დანაყოფების, მათ შორის, ლუგარის ცენტრის მონაცემთა ბაზებიდან სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციის და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვება იყო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button