ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად გოგონას გარდაცვალების საქმეზე 9 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროში 18 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ვაკის პარკის ახლადშეკეთებულ შადრევანში დენის დარტყმის შედეგად 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირი დააკავეს, მათ შორის, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე და შადრევნის სარემონტო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია „გრინსერვისი+“-ის დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე.
რატომ იყო დენი აუზში? გამოძიების ვერსია
შსს-ს ვერსიით, დენის გადასვლა შადრევნის აუზზე 22 სექტემბერს სრემონტო სამუშაოებისას კაბელის დაზიანებამ გამოიწვია. ამ დღეს, შპს „ნიუ მეტალ დიზაინმა“, რომელიც სამუშაოების მთავარი შემსრულებლის, “გრინსერვის+”-ის ქვეკონტრაქტორი იყო, დაიქირავა ორი ელექტროშემდუღებელი, რომლებსაც შადრევანში მდებარე ელექტროძრავიდან გამომავალი შავი ფერის წყლის მილები უჟანგავი ლითონის კონსტრუქციით უნდა დაეფარათ.
ელექტროშემდუღებლებმა წყლის მილებზე უჟანგავი ლითონის კონსტრუქციის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის კვლავ დამაგრებისას, ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა სადენის იზოლაცია.
რა საჭირო იყო ამ სამუშაოს შესრულება?
ვაკის პარკის შადრევნისა და შადრევნის კასკადის სარემონტო სამუშაოების ხელშეკრულება თბილისის მერიის საქალაქო სამსახურმა გააფორმა შპს „გრინსერვისი+“-თან, 2021 წლის 22 ოქტომბერს. ამავე სამსახურმა შადრევნებზე შესრულებული სამუშაოების ნაწილი 2022 წლის 26 აგვისტოს ჩაიბარა.
შსს-ს ცნობით, ცენტრალურ შადრევანზე დასრულებული სამუშაოების მიუხედავად, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ „გრინსერვის +“-ის მენეჯერს სთხოვა, რომ შადრევანში მდებარე ელექტროძრავიდან გამომავალი შავი ფერის წყლის მილები თეთრი ფერის კონსტრუქციით შეეფუთათ. სწორედ ამის გაკეთება დაავალა “გრინსერვის+”-მა ქვეკონტრაქტორს, შპს „ნიუ მეტალ დიზაინს“.
რატომ არ გამოვლინდა ხარვეზი?
შსს-ს განცხადებით, შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელმა “არ გადაამოწმა მის მიერ დაქირავებული ელექტროშემდუღებლების შესრულებული სამუშაო, ხოლო, „გრინსერვის+“- ის საქმეთა მწარმოებელმა არ გაუწია შესაბამისი კონტროლი აღნიშნულ საქმიანობას“.
თავის მხრივ, „გრინსერვის+“-ის დირექტორმა შესრულებული სამუშაო მერიის საქალაქო სამსახურს შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ ის შესაბამისი ინსპექტირების გარეშე მიიღო.
უწყების განმარტებით, დასახელებული პირების მიერ თავიანთი მოვალეობის ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ელექტროსადენის დაზიანების ფაქტი გამოვლინდებოდა და არც ფატალური შედეგი დადგებოდა.
რატომ ჩაიბარა მერიამ დეფექტური შადრევანი?
ჩატარებული სამუშაოების დამოუკიდებელი ინსპექტირება კანონით სავალდებულოა. გამოძიების თანახმად, შპს„გრინსერვისი+“-მა, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთვის სავალდებულო, შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით, ხელშეკრულება შპს ,,მშენექსპერტთან“ გააფორმა. ამ კომპანიის დირექტორმა და ინსპექტორმა ინსპექტირება ფაქტობრივად შესრულებელი სამუშაოების მოცულობის ღირებულებას გაუწიეს და შესაბამისი პროექტი ,,გრინსერვის+“-ის თანამშრომელს მიაწოდეს.
რადგანაც კანონით და ხელშეკრულებით, საჭირო იყო სამშენებლო ნორმებთან და წესებთან სამუშაოს შესაბამისობის ინსპექტირებაც, შსს-ს განმარტებით, „გრინსერვისი+“-ის თანამშრომელმა ,,მშენექსპერტის“ დირექტორი და ინსპექტორი „მათ ფირმასთან სამომავლო საქმიანი ურთიერთობის გაგრძელების სანაცვლოდ“ დაიყოლია, რომ გაეყალბებინათ ჩანაწერი და დასკვნაში ჩაეწერათ, თითქოს შეისწავლეს ჩატარებული სამუშაოების შესაბამისობა საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებთან. ეს ყალბი ანგარიში 2022 წლის 25 აგვისტოთი თარიღდება. „აღნიშნული ყალბი დასკვნა შპს „გრინსერვის +“-ის დირექტორმა წარადგინა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში, რაც გახდა მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველი“, – აცხადებენ საგამოძიებო უწყებაში.
ვინ რა მუხლით დააკავეს?
შსს-ს ცნობით, გამოძიება დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს სამსახურებრივ გულგრილობას ედავება (სსკ-ის 342-ის, II), რამაც მძიმე შედეგი ან ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია. მას 2-5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გულგრილობისა (2201-ის II) და ყალბი დოკუმენტის გასაღება ან გამოყენების (362, I) მუხლებით აღიძრა საქმე „გრინსერვისი+“-ის დირექტორის წინააღმდეგ.
გულგრილობის მუხლით არიან დაკავებულნი (2201-ის მე-2) „გრინსერვისი+“-ის საქმის მწარმოებელი და შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელიც. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების (25-362-ის I) ბრალდებით დააკავეს „გრინსერვის +“-ის კიდევ ერთი თანამშრომელი, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების (362-ის I) ბრალდებით კი – შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორი და ამავე კომპანიის ინსპექტორი.
სისხლის სამართლის კოდექსის, 240-ე მუხლის II ნაწილის დარღვევას ედავება გამოძიება 2 კერძო ელექტროშემდუღებელს, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა.
შსს-ში ასევე განმარტავენ, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება და მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, შესაძლებელია, რომ ბრალდებულ პირთა წრე კიდევ უფრო გაფართოვდეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)