skip to content
ახალი ამბები

„აიღე პასუხისმგებლობა“ – საზოგადოების ნაწილი კახა კალაძის გადადგომას მოითხოვს

ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალებაზე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მხრიდან პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისა და გადადგომის მოთხოვნით 17 ოქტომბერს თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართა.

13 ოქტომბერს, თბილისში, ვაკის პარკის ახლადშეკეთებულ შადრევანში 13 წლის სამ მოზარდს დენმა დაარტყა. მათგან ერთი, გოგონა საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ორი მოზარდი ბიჭის ჯანმრთელობას კი – საფრთხე აღარ ემუქრება. ისინი კლინიკებიდან უკვე გაწერეს.

შსს მომხდარს 240-ე – ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით იძიებს, რაც 4-7-წლამდე პატიმრობას გულისხმობს. მომხდარიდან მე-5 დღეს შსს-ს მიმდინარე გამოძიების შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

დედაქალაქის მერის გადადგომის მოთხოვნით, თბილისის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები დღეს, დილის 09:00 სთ-დან შეიკრიბნენ და კახა კალაძეს შენობაში შესასვლელად ე.წ. სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს.

პროტესტის მონაწილეებს ხელში შემდეგი შინაარსის ბანერები ეჭირათ: „კორუფცია კლავს“, „კორუფციით სავსე ქალაქი“, „სხვა შადრევნებზე რა ხდება?“, „კორუმპირებული მერი“, „ბორის ჯონსონიც გადადგა“, „შენი ქალაქი გკლავს“, „შადრევნებიც ავკრძალოთ?“, „პოსტი რომელმა წაშალეთ? [ვაკის პარკში მომხდარის შემდეგ, თბილისის მერიამ შადრევნის ოფიციალურად გახსნის ამსახველი მასალა წაშალა], „კალაძე აიღე პასუხისმგებლობა“ და სხვ.

მათვე, იმის საჩვენებლად, რომ დედაქალაქის მერიის შენობაში „დანაშაული“ და „კორუფციაა“, ჰაერში სიმბოლურად შავი ფერის კვამლი გაუშვეს. პერიოდულად ისმოდა გამაფრთხილებელი სირენების ხმაც.

გირჩი-მეტი თავისუფლების თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ცოტნე კობერიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, რომ აქციის მიზანი მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციაა.

„როდესაც ის [კახა კალაძე] ამაყობს პარკებით, სკვერებით და პოლიტიკურ ქულებს იწერს, ეს კარგია, მაგრამ როდესაც მსგავსი ფატალური შედეგი დგება და [ყველა პლატფორმიდან] აქრობენ პოსტებს და მარტო საუბრობენ სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, ეს უკვე მორალური დანაშაულიც არის, ეს არის არაკაცური საქციელი“, – ხაზი გაუსვა მან.

სამოქალაქო აქტივისტმა, ნიკა ფარულავამ, რომელიც დღევანდელ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა, აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერიის შენობაში ხდება დანაშაული, „რის დაფარვასაც თბილისის მერი და მისი თანამშრომლები ცდილობენ ორკესტრირებულად და ორგანიზებულად“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილის პრაიდის“ ერთ-ერთი დირექტორის, ანა სუბელიანის შეფასებით, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი თბილისის მერიისა და უშუალოდ კახა კალაძის „პირდაპირი პასუხისმგებლობაა“. „მთელმა ქალაქმა იცის, როგორი კორუფციული სისტემის ხელმძღვანელია და სწორედ ამ კორუფციული სისტემის, არაპროფესიონალიზმისა და დაუდევრობის ბრალია ის, რაც მოხდა“, – ხაზი გაუსვა მან.

მომხდარში დედაქალაქის მერის „პირდაპირ პასუხისმგებლობას“ გაუსვა ხაზი მოძრაობა „სამოქალაქო წინააღმდეგობის“ წარმომადგენელმა, ხატია ბაკურაძემაც და დასძინა, რომ „უბედურება ის არის, რომ არავინ არაფერზე პასუხისმგებლობას არ იღებს“. „ეს არის პოლიტიკური საკითხი, [კახა კალაძემ] უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და გადადგეს“, – განაცხადა მან.

აქციას დაახლოებით 12:00 სთ-ისთვის ადვოკატებიც შეუერთდნენ. მათ დედაქალაქის მერიაში 20 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამართვის ნებართვისთვის ოფიციალური განაცხადი შეიტანეს.

„ჩვენი ამოცანა არის, რომ მოვუწოდოთ კახი კალაძეს, რომ მან ან სხვა მაღალჩინოსანმა [მაგალითად, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა] აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და პასუხი უნდა აგონ ასეთ გულგრილობაზე, რა გულგრილობაც არის ჩადენილი“, – უთხრა ადვოკატმა ლექსო კობაიძემ ჟურნალისტებს.

მერიის შენობის წინ დილის საპროტესტო აქცია დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა. პროტესტის მონაწილეებთან არც დედაქალაქის მერი გამოსულა, არც მერიის რომელიმე თანამშრომელი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button