ახალი ამბები

ეროვნულ მუზეუმის დავა კულტურის სამინისტროსთან სამეცნიერო პროექტებზე გამოყოფილ გრანტებზე

კულტურის სამინისტრო კიდევ ერთი უთანხმოების წინაშე აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორატმა 13 სამეცნიერო პროექტისთვის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოყოფილი გრანტების მიღებაზე უარი განაცხადა, სავარაუდოდ, იმ მოტივით, რომ რამდენიმე პროექტის ავტორი სამუზეუმო სისტემიდან გათავისუფლებული თანამშრომლები არიან.

11 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე, ერთ-ერთი პროექტის ავტორმა ეკა კიკნაძემ კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი მისთვის არასასურველი ადამიანების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.

კიკნაძემ, რომელიც ჯერ ჩამოქვეითებამდე და იანვარში სამსახურიდან გათავისუფლებამდე ხელოვნების მუზეუმს ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ ეროვნული მუზეუმის დირექტორატმა ვერ წარმოადგინა რაციონალური არგუმენტები გრანტებზე უარის თქმის გასამართლებლად.

მან ხაზი გაუსვა, რომ რუსთაველის ფონდი, რომელიც განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაშია, კულტურის სფეროში მოღვაწე მკვლევრებისთვის დაფინანსების დამატებითი წყაროა.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორატის წერილი რუსთაველის ფონდს, რომელიც 9 თებერვლით თარიღდება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, სულხან სალაძემ გაასაჯაროვა.

სალაძემ, რომელიც ამჟამად საინიციატივო ჯგუფის – „ხელოვნების მუზეუმისთვის“ – წევრია, განაცხადა, რომ მუზეუმის დირექტორატი ფორმალურად ასრულებს თავის ფუნქციებს, ვინაიდან სისტემაში სიტუაციას მინისტრი წულუკიანი აკონტროლებს.

მან ასევე აღნიშნა, რომ გრანტებზე უარი საშუალებას არ მისცემს გათავისუფლებულ თანამშრომლებს, რომლებიც წულუკიანის და მისი გუნდის მიმართ კრიტიკულად იყვნენ განწყობილნი, მუზეუმებს დაუბრუნდნენ და კვლევები ჩაატარონ

დირექტორატის და დირექტორის სადავო არგუმენტაცია

სადავო დოკუმენტს ხელს აწერს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, ეროვნული გალერეისა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი, ნიკა ახალბედაშვილი, რომელიც მანამდე თეა წულუკიანის იუსტიციის მინისტრობის დროს, იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა.

ახალბედაშვილმა განაცხადა, რომ ოთხი ხმით ერთის წინააღმდეგ, დირექტორატმა გადაწყვიტა, რომ გრანტების მიღება არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან პროექტები რუსთაველის ფონდს პროცედურების უხეში დარღვევით წარუდგინეს.

ახალბედაშვილის თქმით, ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ საკონკურსო განაცხადები დირექტორატის დანარჩენი წევრების ინფორმირების გარეშე წარადგინა.

მან ლორთქიფანიძე იმაშიც დაადანაშაულა, რომ რუსთაველის ფონდს გრანტების გამოყოფის თხოვნით 7 თებერვალს მიმართა, მიუხედავად მინისტრის ერთი კვირის წინანდელი განკარგულებისა, რომლის თანახმადაც, გრანტების მიღება-არმიღების საკითხზე გადაწყვეტილებას დირექტორატი იღებს.

თუმცა, დირექტორატის შეხვედრაზე, ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო საბჭომ განაცხადები მანამდე დაამტკიცა, სანამ მინისტრი დირექტორატს ჩამოაყალიბებდა.

უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროისთვის, როდესაც წულუკიანმა განკარგულება გამოსცა, მის მიმართ ლოიალურად განწყობილი დირექტორატის ამოქმედების თაობაზე, რუსთაველის ფონდს უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა 2021 წლის დაფინანსებული პროექტების სია.

ლორთქიფანიძისა და ახალბედაშვილის გარდა, დირექტორატის წევრები ასევე არიან – ეთნოგრაფრიული მუზეუმის დირექტორი, ნინო ჭიპაშვილი, რომელიც წულუკიანის მინისტრობის დროს, იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა, ასევე სპორტის მუზეუმის დირექტორი, ნინო სალუქვაძე და სვანეთის მუზეუმის დირექტორი, ზვიად კვიციანი.

ყველა მათგანმა თანამდებობები 2021 წლის მარტში, წულუკიანის გამინისტრების შემდეგ დაწყებული რეფორმების წყალობით დაიკავა.

კულტურის სამინისტრომ „სამოქალაქო საქართველოს“ განვითარებულ მოვლენების შესახებ კომენტარზე უარი უთხრა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button