skip to content
ახალი ამბები

სუსის თქმით, ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.

მედიის ცნობით, დაკავებული 55 წლის თამაზ გლურჯიძეა. არსებული ცნობებით, იგი თანასოფლელთან სტუმრად იმყოფებოდა, რის შემდეგაც შინ აღარ დაბრუნებულა. მოგვიანებით, იგი ოჯახის წევრებს ტელეფონით დაუკავშირდა და უთხრა, რომ ოკუპირებულ ცხინვალში, იზოლატორში იმყოფებოდა.

უწყების განცხადებით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულნი არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და საერთაშორისო პარტნიორები. გააქტიურებულია ცხელი ხაზიც.

სუსის განმარტებით, საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები „აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას“.

უწყება უკანონო დაკავებებზე სრულ პასუხისმგებლობას საოკუპაციო ძალას აკისრებს და განმარტავს, რომ ოფიციალური თბილისი უკანონო პატიმრობაში მყოფ პირთა გათავისუფლებისთვის ყველა არსებულ ბერკეტს იყენებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button