ახალი ამბები

CRRC: მოსახლეობის მესამედი სტატუსის ვერმიღების მიზეზად ხელისუფლების უმოქმედობას და პოლარიზაციას ასახელებს

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC საქართველო) მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ვერმიღების მიზეზად საქართველოს მოსახლეობის მეხუთედმა (18%) ხელისუფლების უმოქმედობა დაასახელა, ხოლო თანაბარმა რაოდენობამ ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია (14%) და წევრობის კანდიდატობის მოთხოვნების შეუსრულებლობა (14%) დაასახელა.

მოსახლეობის თითქმის მესამედმა (30%) ევროკომისიის გადაწყვეტილებისთვის რაიმე კონტრეტული მიზეზი ვერ დაასახელა. მოსახლეობის 8%-მა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ხელი ოპოზიციამ შეუშალა. 4% მიზეზად იმას მიიჩნევს, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ომში არ ჩაება, 3% კი ამაში რუსეთის მთავრობის ადანაშაულებს. საქართველოს მოსახლეობის 76%-ს სმენია, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო.

თითო-თითო პროცენტი ასახელებს შემდეგ მიზეზებს: მმართველი პარტიის მხრიდან შარლ მიშელის შეთანხმების შესრულებაზე უარის თქმას, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას, უკრაინის მთავრობის პოზიციას საქართველოსთან მიმართებით, და ასევე იმას, რომ ევროკავშირს უბრალოდ არ სჭირდება საქართველო.

ომში ჩათრევით შანტაჟი

კითხვაზე სჯერა თუ არა საზოგადოებას ქართული ოცნების განცხადების, რომ დასავლეთმა საქართველოს რუსეთთან ომის დაწყება სთხოვა, მოსახლეობის უმრავლესობამ განაცხადა, რომ მათ ასე არ ჰგონიათ. მათ ასევე არ მიაჩნიათ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება რუსეთთან ომის დაწყებაზე იყო დამოკიდებული.

კითხვაზე მიიღებდა თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთთან ომში ჩაებმებოდა, 60%-მა განაცხადა, რომ ეს ნაკლებად, ან საერთოდ არ არის სიმართლე. 17%-მა აღნიშნა, რომ ეს სრულად, ან მეტწილადაა სიმართლე. ხოლო 23%-ს ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.

როგორ წავიდეთ წინ

კვლევის თანახმად, მოსახლეობის 45% არ მოელის, რომ საქართველოს მთავრობა წლის ბოლომდე გაატარებს ევროკავშირის მიერ მოთხოვნილ რეფორმებს, აქედან, 17%-ისთვის ეს საერთოდ არ არის მოსალოდნელი, 29%-ისთვის კი უფრო არ არის მოსალოდნელი, ვიდრე — კი. ამის საპირისპიროდ, 29% მოელის, რომ აღნიშნული რეფორმები ჩატარდება.

კითხვაზე უნდა შეიქმნას თუ არა დროებითი, ტექნოკრატიული მთავრობა ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი რეფორმების გასატარებლად, მოსახლეობის 42%-მა განაცხადა, რომ ეს მიუღებელია, 29%-თვის ეს მისაღებია, ხოლო 26%-ს ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.

დეოლიგარქიზაცია და ბიძინა ივანიშვილი

როდესაც ევროკომისიამ რეკომენდაციები გამოაქვეყნა,  რომლებიც დეოლიგარქიზაციასაც ითვალისწინებდა, მმართველი პარტიის, საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების შეხედულებები ამ საკითხზე გაიყო იმასთან დაკავშირებით იყო, თუ არა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი. ქართული ოცნება ამტკიცებდა, რომ რეკომენდაცია ივანიშვილს არ ეხებოდა.

კითხვაზე, თუ ვის მოიაზრებდა ევროკომისია დეოლიგარქიზაციის შესახებ რეკომენდაციაში, რესპონდენტების ნახევარზე მეტმა განაცხადა, რომ არ იცის. ხოლო ისინი, რომლებმაც რომელიმე კონკრეტული პირის დასახელება შეძლეს, ყველაზე ხშირად (35%) ბიძინა ივანიშვილს მიიჩნევენ რეკომენდაციის ადრესატად. მიხეილ სააკაშვილს და მისი პრეზიდენტობის დროინდელ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს მოსახლეობის 3% მოიაზრებს ასეთ პირებად. ორ-ორი პროცენტისთვის ევროკომისიის რეკომენდაციაში თიბისი ბანკისა და პარტია ლელოს თანადამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, და ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი იგულისხმებიან.

ქართული ოცნების მხარდამჭერები (51%), არცერთი პარტიის მხარდამჭერები (55%), და ისინი, რომლებიც ვერ ასახელებენ შეხედულებებთან ახლოს მდგომ პარტიას(62%), უფრო ხშირად ამბობენ, რომ არ იციან, თუ ვის გულისხმობს ოლიგარქში/ოლიგარქებში ევროკომისია. სამაგიეროდ, ოპოზიციის მხარდამჭერთა უმრავლესობა (60%) ვარაუდობს, რომ ევროკავშირი დეოლიგარქიზაციაზე საუბრისას სწორედ ბიძინა ივანიშვილს მოიაზრებს.

ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერა

რაც შეეხება ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას, კვლევაში ნათქვამია, რომ მოსახლეობის 68% კვლავ მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, სრულად (53%) ან ნაწილობრივ (15%). 2020 წლის კავკასიის ბარომეტრის გამოკითხვაში სრულად ან ნაწილობრივ (73%) ევროკავშირში გაწევრიანებას 5 პროცენტული პუნქტით მეტი ადამიანი ემხრობოდა. ბოლო 5 თვის მანძილზე, ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერამ 7 პროცენტული პუნქტით იკლო – მარტში ის 75%-ს შეადგენდა.  

კვლევის თანახმად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერის შემცირება, როგორც ჩანს, ქართული ოცნების მხარდამჭერთა შეხედულებების ცვლილებას უკავშირდება. 2020 წლის კავკასიის ბარომეტრის კვლევაში, რესპონდენტების 76% ამბობდა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრობოდა, 2022 წლის ივლისში დაფიქსირებული 68%-ისგან განსხვავებით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button