Placeholder canvas
ახალი ამბები

CRRC: საქართველოს მოსახლეობას მთავრობის მხრიდან უკრაინის მეტი მხარდაჭერა სურს

„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ (CRRC) მიერ 15 მარტს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს სურს, რომ მთავრობამ უკრაინას მხარი უფრო მეტად დაუჭიროს. ამასთან, გამოკითხულების უმრავლესობა უკრაინაში ომის დაწყებაში კი – რუსეთის ფედერაციას ან მის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ადანაშაულებს.

კვლევიდან ჩანს, რომ რესპონდენტების უმეტესობა უკრაინაში მიმდინარე ომთან მიმართებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ქმედებებს უფრო მეტად დადებითად აფასებს, ვიდრე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისას.

კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ასევე ერთგული რჩება ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ.

CRRC-მ გამოკითხვისთვის საჭირო საველე სამუშაოები სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით 2022 წლის 7-10 ჩაატარა. შერჩევის ზომა 1 092 იყო, გამოპასუხების დონემ 24% შეადგინა, ცდომილების ზღვარი კი +/-2.96%-ია.

ომი უკრაინაში

კითხვაზე – „ვინ არის ყველაზე მეტად პასუხისმგებელი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებაზე?“ – გამოკითხულების 43%-მა უპასუხა, რომ რუსეთის ფედერაცია, 37%-მა კი – თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.

რესპონდენტების 3%-მა ომზე პასუხისმგებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს დააკისრა, 1-1%-მა კი – უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ნატოს, ევროკავშირსა და უკრაინის ხელისუფლებას. 9%-მა არ იცის, 1%-მა უარი თქვა პასუხზე.

რაც შეეხება საქართველოს მთავრობის მხრიდან უკრაინის მიმართ მხარდაჭერას, რესპონდენტების 61% მიიჩნევს, რომ უკრაინას მთავრობამ მხარი უფრო მეტად უნდა დაუჭიროს, 32% ფიქრობს, რომ მხარს ისედაც საკმარისად უჭერს.

ამასთან, გამოკითხულების 2%-მა თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინას მხარი უფრო ნაკლებად უნდა დაუჭიროს, 1%-ის მოსაზრებით საერთოდ არ უნდა დაუჭიროს. 4%-მა არ იცის, 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

წყარო: CRRC

ამასთან, რესპონდენტების უმრავლესობისთვის სრულად ან უფრო მეტად მისაღებია, ვიდრე მიუღებელი – უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა, დროებით უკრაინელი ლტოლვილების მიღება, უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევა, მოხალისეების საბრძოლველად წასვლა, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის შეზღუდვა და უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის მიწოდება.

ინსტიტუტების ქმედებები

რესპონდენტების 65% დადებითად აფასებს უკრაინასთან მიმართებით ქართული მედიის ბოლოდროინდელ მოქმედებებს, 17% ცუდად, 18%-მა არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე.

ამ კონტექსტში გამოკითხულთა 64% ასევე დადებითად აფასებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოქმედებებს, 15% ცუდად, 21%-მა არ იცის ან უარია პასუხზე.

რაც შეეხება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, მის ქმედებებს დადებითად 41% აფასებს, 39% კი – ცუდად.

ამავე მიმართულებით საქართველოს პარლამენტის ქმედებებს დადებითად გამოკითხულთა 34% აფასებს, 42% კი – უარყოფითად.

წყარო: CRRC

ამასთან, CRRC-ის განმარტებით, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართ სიმპათიები იკვეთება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის, მათ შორის, ქართული ოცნების მხარდამჭერებში.

იმავდროულად, პრემიერის ქმედებებს დადებითად ძირითადად ქართული ოცნების ამომრჩეველი აფასებს.

რუსეთისთვის დაწესებული სანქციები

რესპონდენტების 39%-ის მოსაზრებით, საქართველო უნდა შეუერთდეს უკრაინაში დაწყებული ომის გამო რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს. 27% ფიქრობს, რომ მხოლოდ ზოგიერთ სანქციას უნდა შევუერთდეთ.

19%-ის მოსაზრებით, საქართველო სანქციებს საერთოდ არ უნდა შეუერთდეს. 14%-მა არ იცის, 1%-მა უარი თქვა პასუხზე.

პარალელურად, გამოკითხულების 71% მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის დაკისრებული სანქციები კიდევ უნდა გამკაცრდეს. 10%-ის მოსაზრებით არსებულ დონეზე უნდა დარჩეს. 3% ფიქრობს, რომ სანქციები საერთოდ უნდა გაუქმდეს. 11%-მა არ იცის.

ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა

გამოკითხულთა 75% სრულად ან ძირითადად მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. 70% იმავე ამბობს, ქვეყნის ნატოში გაწევრიანებაზეც. ამასთან, რესპონდენტთა 75% ძირითადად ან საერთოდ არ უჭერს მხარს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას.

ამასთან, ინტერვიუირებულთა 66% და 61% სრულად უჭერს მხარს, რომ უკრაინას და საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს. 14% და 17% ამბობს, რომ აღნიშნულს ძირითადად მხარს უჭერენ.

საპარლამენტო არჩევნები

კითხვაზე – „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ჩამოთვლილთაგან რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“ – 22% ამბობს, რომ ქართულ ოცნებას; 10% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას; 3%-3% პარტიებს – საქართველოსთვის და ლელოს; 2%-2% – გირჩი-მეტი თავისუფლებას და პატრიოტთა ალიანსს; ასევე 2% სხვა პარტიას.

ამასთან, 18% არ იცის, რომელ პარტიას დაუჭერდა მხარს. 16% ამბობს, რომ არცერთს. 4% არჩევნებში მონაწილეობას საერთოდ არ მიიღებდა. 20%-მა უარი თქვა პასუხზე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button