skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირი მიყურადების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებით შეშფოთებულია 

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა შეშფოთება გამოხატა სისხლის სამართლის კოდექსში ცოტა ხნის წინ შეტანილი ცვლილებების გამო, რომელთა თანახმადაც, მატულობს სამართალდარღვევათა რაოდენობა, რომელთა მიმართაც ნებადართული იქნება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ხოლო ამ მოქმედებების ხანგრძლივობა იზრდება.

8 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში, ელჩმა ჰარცელმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებების შეტანა  უსაფრთხოების თვალსაზრისით შეიძლება ლეგიტიმური იყოს, ისინი „მნიშვნელოვნად ზღუდავს საქართველოს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას“.

„ვხედავთ, რომ საქართველო აგრძელებს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას დაჩქარებული საპარლამენტო პროცედურებით, აუცილებელი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კონსულტაციებისა და ევროპულ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის სათანადო ანალიზის გარეშე“, – აღნიშნა ელჩმა.

მან მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, რომ „დაუყოვნებლივ მიმართოს ვენეციის კომისიას მოსაზრებისთვის ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და მისი რეკომენდაციები გაითვალისწინოს“.

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასრულოს თავისი ვალდებულებები საქართველოს მოქალაქეების ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვასთან დაკავშირებით და ასევე, უზრუნველყოს ადეკვატური და ეფექტიანი გარანტიები მათი პოტენციური დარღვევის წინააღმდეგ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობამ „დიპლომატიურ საზოგადოებას 2021 წლის სექტემბერში გამოვლენილ საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ფართომასშტაბიან მიყურადებასთან დაკავშირებით დაპირებული გამოძიების შედეგები უნდ აცნობოს“.

დიპლომატს მხედველობაში ჰქონდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილი საიდუმლო მასალები, რომლებიც ხელისუფლების მიერ სასულიერო პირებზე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებსა და უცხოელ დიპლომატებზე სავარაუდოდ განხორციელებული თვალთვალის შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავდა.

მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ 2022 წლის აპრილში ინიცირებული სადავო ცვლილებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედების ვადა ექვსიდან ცხრა თვემდე იზრდება და შესაძლებელი ხდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება დამატებით 27 ტიპის დანაშაულთან დაკავშირებით.

77 ტიპის დანაშაულთან დაკავშირებით, ცვლილებები პირის წინააღმდეგ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განუსაზღვრელად განხორციელების შესაძლებლობას იძლევა ისე, რომ მათ არც იცოდნენ ამ თვალთვალის შესახებ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button