ახალი ამბები

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თურქმენეთში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 17 აგვისტოს განცხადებით, მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა თურქმენეთში 15-16 აგვისტოს გამართულ ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნების მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მინისტერიალი მდგრადი ტრანსპორტის განვითარების საკითხებს მიეძღვნა და მასში 30-მდე ქვეყნის მინისტრი და მაღალი თანამდებობის პირი მონაწილეობდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციითვე, მინისტერიალის გახსნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის საქართველოს სატრანზიტო როლზე ისაუბრა.

„საქართველო კვალავაც საიმედო პარტნიორი იქნება რეგიონის ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებისთვის და უზრუნველყოფს ტვირთების შეუფერხებელ და სწრაფ გადაადგილებას სატრანზიტო დერეფანში“, – აღნიშნა მანვე.

ამავე ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, 16 აგვისტოს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მინისტერიალის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წარმომადგენლები არაბთა გაერთიანებული საემიროების, საუდის არაბეთის, ზამბიის, ბურკინა ფასოს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისა და ღონისძიების მონაწილე სხვა ქვეყნების მინისტრებს შეხვდნენ.

ღონისძიების თემა იყო „დაფინანსება უკეთესი დაკავშირებადობისთვის“ და ის ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნების შესახებ 2024 წელს დაგეგმილი გაეროს მესამე კონფერენციის მოსამზადებელი პროცესის ფარგლებში გაიმართა.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან თურქმენეთის მთავრობა და ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნების, ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნებისა და მცირე კუნძულოვანი განვითარებადი სახელმწიფოების საქმეთა უმაღლესი წარმომადგენლის ოფისი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button