skip to content
ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 11%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 3 აგვისტოს გამართულ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა.

ეროვნულმა ბანკმა მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების მიზეზად „მაღალი ინფლაცია და ინფლაციური რისკები“ დაასახელა. სებ-ის თქმით, რუსეთზე დაწესებულმა საერთაშორისო სანქციებმა და მიწოდების ჯაჭვების დამატებითმა რღვევამ, მსოფლიო ბაზარზე საქონელი მნიშვნელოვნად გააძვირა, მათ შორის საქართველოში.

ეროვნული ბანკის განმარტებით, მიუხედად ივლისში სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდის „შედარებით“ შენელებისა და საერთაშორისო ბაზარზე ფასების დასტაბილურების ნიშნებისა, „გაურკვევლობა მაინც მაღალ დონეზე ნარჩუნდება და  მომავალი ტენდენციები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მსოფლიოში გეოპოლიტიკური მოვლენების განვითარებაზე“.

„მთლიანობაში, ამ ფაქტორების გავლენით, მიმდინარე და მომავალ წელს ინფლაციას შემცირების – თუმცა წინა პროგნოზთან შედარებით უფრო ნელი ტემპით – ტენდენცია ექნება და, სხვა თანაბარ პირობებში, ის მის მიზნობრივ დონეს [3%-ს] 2023 წლის შუა პერიოდიდან დაუახლოვდება“, – განაცხადეს სებ-ში.

ეროვნული ბანკი წლის განმავლობაში მაღალ საკრედიტო აქტივობაზეც ამახვილებს ყურადღებას, რაც სამომხმარებლო და უცხოური ვალუტით დაკრედიტების ჭარბი ზრდის შედეგია. ამიტომ, სები მონეტარული პოლიტიკის პარალელურად, დამატებითი მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების გამოყენებასაც მიიჩნევს მიზანშეწონილად.

„მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება“, – ხაზი გაუსვეს სებ-ში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 14 სექტემბერს ჩატარდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button