skip to content
ახალი ამბები

მმართველი გუნდი და ოპოზიცია ნედ პრაისის განცხადებას ეხმიანებიან

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, 20 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე სხვადასხვა საკითხზე აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის კრიტიკული პოზიციის გამო მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან ელჩის მიმართ უკმაყოფილებას გამოეხმაურა და კელი დეგნანს „სრული მხარდაჭერა“ გამოუცხადა. „დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან“, – განაცხადა პრესსპიკერმა.

ნედ პრაისის განცხადებას საქართველოში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის გამოხმაურება მოჰყვა. ქვემოთ საკითხზე მხარეთა განსხვავებული პოზიციებია წარმოდგენილი:

ქართული ოცნების გამოხმაურება

არჩილ თალაკვაძე – ქართული ოცნება: „საქართველოს ხელისუფლების არცერთი წარმომადგენლის მხრიდან არ ყოფილა თავდასხმა ან შეურაცხყოფა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის წარმომადგენლებზე და ეს გამორიცხულია მომავალშიც… მესმის, რადიკალურ ოპოზიციას, ჩვენს ოპონენტებს ძალიან უნდათ, სინამდვილეში რასაც თავად აკეთებენ, თავს ესხმიან, შეურაცხყოფას აყენებენ დასავლეთის ელჩებს, სურთ ეს გადმოაბრალონ ქართულ ოცნებას“.

მიხეილ სარჯველაძე – ქართული ოცნება: „ვაითუ, [ნედ პრაისი] კარგად არ არის ინფორმირებული…მე არ მგონია, ამ შემთხვევაში, რომ ხელისუფლების ან ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ელჩზე თავდასხმას… გამოვიდა მოსამართლე [ლაშა ჩხიკვაძე] და თქვა ის, რაც თქვა. ამ თემაზე საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა. კითხვები გაუჩნდათ პოლიტიკოსებსაც. გუშინ, ჯერ კიდევ ნედ პრაისის განცხადებამდე ვთქვი, რომ კარგი იქნება ამ მიმართულებით ღრუბლები გაიფანტოს. მე არ მაქვს განცდა იმისა, რომ ამ შემთხვევაში, ადგილი აქვს უბედურებებს, კანონდარღვევებს“.

ირაკლი ქადაგიშვილი – ქართული ოცნება: „ის განცხადება, რომ საქართველოს ოფიციალური პირების რიტორიკა ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისკენ აცდენას, ღიად ვაცხადებ, რომ არ შეესაბამება რეალობას“.

ოპოზიციის გამოხმაურება

ბაჩო დოლიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან როცა ისმის ძალიან მკაფიო და კონკრეტული პოზიცია, რომ ხელისუფლებაში გვყავს ხალხი, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციას, რა თქმა უნდა, ამაზე მეტი გზავნილი რა უნდა იყოს და პოზიციაც მათთვის გასაგებია. ერთი რამ უკვე ძალიან მკაფიოა, როგორც ჩვენთვის, ისე საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ ეს ხელისუფლება არის წინაღობა ჩვენსა და ევროპას შორის, ჩვენსა და ცივილურ სამყაროს შორის“.

ანა ბუჩუკური – საქართველოსთვის: „ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტს მოუწია დიპლომატიის ანი და ბანის განმარტება და შეხსენება ქართული ოცნებისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ როცა თავს ესხმი ამერიკის შეერთებული შტატების ან ნებისმიერი ქვეყნის ელჩს ან ოფიციალურ წარმომადგენელს, დიახ, ეს ნიშნავს თავდასხმას იმ კონკრეტული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელსაც ესა თუ ის ელჩი წარმოადგენს“.

პაატა მანჯგალაძე – სტრატეგია აღმაშენებელი: „ბრიფინგის დაწყება საქართველოს თემატიკით, ქალბატონი კელი დეგნანის მხარდაჭერით, ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისათვის საქართველო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი, გამადიდებელი შუშით აკვირდება აქ მიმდინარე პროცესებს და იციან უწვრილმანესი ნიუანსები, მათ შორის, რა განცხადებებს აკეთებს ქართული ოცნება. აღშფოთებულია ამით ამერიკის შეერთებული შტატები და კიდევ ერთხელ მიგვანიშნეს, რომ ეს განცხადებები არ შეესაბამება საქართველოს ეროვნულ ინტერესს, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს“.

ვახტანგ მეგრელიშვილი – გირჩი: „სრულიად გაუგონარი იყო ჩვენი პარტნიორებისთვისაც, თუ რატომ იქცევა საქართველოს მთავრობა ისე, როგორც იქცევა, სიტყვიერად რატომ ესხმიან თავს ჩვენს პარტნიორებს, მაშინ როცა, ისინი არიან ჩვენი ერთადერთი დაცვა იმ რისკების პირობებში, რომელშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ“.

გიგი წერეთელი – ევროპული საქართველო: „მე არ მახსენდება ასეთი მწვავე განცხადება, რომელიც კეთდება ხოლმე არა სტრატეგიული პარტნიორების მისამართით, არამედ არაკეთილგანწყობილი და მტრული ქვეყნების მისამართით. ასეთი ხშირად ხდება რუსეთთან, ბელორუსთან და ა.შ. თუ საქართველოს ხელისუფლებას უნდა ამ რიგში ჩაეწეროს, მაშინ ასეთი განცხადებები უნდა აკეთოს. ორმხრივი ურთიერთობებისთვის ეს ძალიან ცუდია“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button