skip to content
მოსაზრებაწერილები

მოსაზრება | საქართველოს იანუკოვიჩის მომენტი

ავტორი: თედ ჯონასი იურისტი და გარემოს დამცველი აქტივისტია, რომელიც მრავალი წელია ცხოვრობს საქართველოში.


საქართველოში იანუკოვიჩის მომენტი დადგა. ისეთივე მომენტი, როგორიც 2013-2014 წლებში უკრაინაში, როდესაც იანუკოვიჩის მთავრობამ ბრძანება მოსკოვიდან მიიღო, დაეთმო ევროკავშირთან ასოცირების პროცესი. ამ ბრძანების გათვალისწინებით, მთავრობა ერთ მხარეს წავიდა, ხალხი კი მეორე მხარეს, ევროპისკენ.

ამ მდგომარეობამდე მოსვლა, ვფიქრობ, საქართველოში არავის სურდა და არც არავინ მოელოდა. მიუხედავად ბოლო წლების განმავლობაში რუსული გავლენის ამსახავი გარკვეული ქმედებებისა, „ქართული ოცნების“ მთავრობა გარკვეული პერიოდი ინარჩუნებდა ნატოსა და ევროკავშირთან ასოცირების კურსს. საქართველო განაგრძობდა საფასურის გადახდას რუსეთის მიერ წარმოებული „ბორდერიზაციისა“ და რუსული გავლენებით ვაჭრობის ფორმით ისე, როგორც ეს ხდებოდა წლების განმავლობაში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.

თუმცა, ამჯერად რაღაც მეტი შეიცვალა – შესაძლოა, მოსკოვიდან ბრძანება მოვიდა – წელიწადნახევრის წინ მელიას დაჭერით, გახარიას გადადგომითა და შემდეგ სრული დაღმასვლით — მიშელის შეთანხმებიდან გამოსვლით, ევროპისა და ამერიკის რჩევის საწინააღმდეგოდ სასამართლოებსა და დამოუკიდებელ უწყებებზე კონტროლის დამყარების გაგრძელებით, ბიზნესმენებისა და ჟურნალისტების უკანონო დევნით, უკრაინის, ევროპისა და შეერთებული შტატების მიმართ აგრესიული რიტორიკითა და შეურაცხყოფით. „ქართული ოცნების“ ევროპული კურსისგან დაშორება უფრო განზრახი ხასიათისა აღმოჩნდა, ვიდრე – არაკომპეტენტურობის ბრალი.

მიუხედავად იმისა, თუ როდის დაიწყო ეს პროცესი, ან ზუსტად რა მექანიზმმა მოგვიყვანა აქ, ჩვენ ახლა იანუკოვიჩის მომენტში ვიმყოფებით.

ეს კი ნიშნავს, რომ ქართველები — გამოკითხვების თანახმად,  დიდი უმრავლესობა — რომლებსაც სურთ ევროპა, ამ მიზნის დასაცავად ახლა უნდა გაერთიანდნენ. ეს ნიშნავს მოსვლას 20 ივნისის დემონსტრაციაზე საქართველოს ევროპული მომავლისათვის.

ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ ევროპული გზიდან გადახვევაზე უკრაინელი ხალხის უარი გამოიხატა დემონსტრაციებსა და პარლამენტის მიერ გადაყენების ნაწილობრივ სამართლებრივ პროცესში. არ არის აუცილებელი, იგივე იყოს საქართველოს მოდელიც. გასაგები მიზეზების გამო, ქართველი ხალხი ფრთხილობს, ქუჩიდან შეცვლოს მთავრობა. გამსახურდია გადააყენეს; შევარდნაძე გადააყენეს; და საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკის საბაზისო მოდელი ხშირად სასოწარკვეთისგან იმავე მოთხოვნებამდე დადიოდა — კარვების გაშლა რუსთაველის გამზირზე, ან მოწოდება პერმანენტული აქციებისაკენ, მთავრობის შესაცვლელად.

მაგრამ ქართველმა ხალხმა გრძელვადიან პროცესებსაც უნდა შეხედოს: ალბათობას, რომ ამ ჩიხის გარღვევა საარჩევნო ყუთებთან მოგვიწევს, იმდენად, რამდენადაც შესაძლებელი იქნება ამაზე ამჟამინდელი მთავრობის იძულება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ფოკუსი ასევე უნდა იყოს მიმართული მომავალ გეგმიურ საპარლამენტო არჩევნებზე, რომელამდეც 2 წელზე ოდნავ მეტი რჩება.

საქართველოს ამჟამინდელ ოპოზიციას, გამოკითხვების თანახმად, აქვს საზოგადოების არაუმეტეს დაახლოებით 17%-ის მხარდაჭერა. ოპოზიცია ვერ შეძლებს მნიშვნელოვანი რაოდენობის ხალხის შეკრებას აქციებისთვის და ნამდვილად ვერ შეძლებს ამის გაკეთებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ბოლო წლებში საქართველოში დიდი აქციები იმ მოვლენებისა თუ საკითხების გამო იმართებოდა, რომლებსაც პირდაპირი გავლენა ჰქონდათ საზოგადოების დიდ სეგმენტზე და ამ აქციების ორგანიზატორები გულმოდგინედ ემიჯნებოდნენ ნებისმიერ პარტიას.

შესაბამისად, ქვეყანაში ძალაუფლების შესაცვლელად აუცილებელია, ოპოზიციამ ისწავლოს უმრავლესობის მხარდაჭერის მქონე ეროვნულ პარტიებად მოქმედება, ან საერთოდ უნდა ჩამოშორდეს ამ გზას. ამ უკანასკნელ შემთხვევაშიც კი, ოპოზიციის ლიდერობა და რჩევა სასარგებლო შესაძლოა იყოს. მაგრამ მან გზა უნდა დაუთმოს საზოგადოებიდან გამოსულ ახალ ლიდერებს, რომლებიც უკეთ შეძლებენ საქმის კეთებას. ესენი არიან ადამიანები ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სფეროებიდან. მათი უმრავლესობა წლების განმავლობაში რჩებოდა პოლიტიკის მიღმა იმ გასაგები მიზეზით, რომ მათთვის პოლიტიკა, უბრალოდ, ძალიან ბინძური და პოლიტიკურია. თუმცა, ეს ნიჭიერი ხალხია სწორი იდეებით, რომელთაც იციან, თუ როგორ უნდა შეიქმნას და შენარჩუნდეს ქართულ გარემოში დასავლეთზე მოდელირებული და მასზე დაფუძნებული საზოგადოება და მთავრობა. სწორედ ამ ხალხის წინ წამოწევის დროა.

თუ „ქართული ოცნება“ შეინარჩუნებს ძალაუფლებას, თუ ის  2024 წლის არჩევნებს მოიგებს, საქართველოს მხოლოდ დსთ-ს წევრი სახელმწიფოს მომავალი თუ ელოდება წინ. ავტონომია, დიახ; ეკონომიკური და ხანდახან თუნდაც პოლიტიკური კონფლიქტი მოსკოვთან – დიახ; თუმცა, ზოგადად, იმავე რუსეთის – და არა დასავლეთის – ორბიტაში ყოფნა. და ყველაფერ ამასთან ერთად, ავტოკრატია და დაქვემდებარება რუსეთის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ინტერესებისადმი.

სამწუხაროა იმის ნახვა, თუ რამდენად შეუძლებელი ამოცანაა ქართველი პოლიტიკოსებისთვის ეროვნული ინტერესებისათვის ერთად მუშაობა. დღეს პრეზიდენტი ეთანხმება და მხარს უჭერს ევროპასა და მთავრობასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოსაზრებების 90%-ს. დიახ, მან გამოთქვა მოსაზრებები, რომლებიც შესაძლოა არავის მოგვწონს, მაგრამ ასევე გამოთქვა სააკაშვილმა, ბოკერიამ და მრავალმა სხვამ ოპოზიციიდან. თუმცა, ყველა ვთანხმდებით საქართველოს ევროპულ მომავალსა და იმ წინააღმდეგობაზე, რომელიც უნდა გავუწიოთ ამჟამინდელი მთავრობის მიერ ამ მომავლის დაბრკოლებას.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button