ახალი ამბები

ქართული ოცნება უარყოფს ბრალდებას, თითქოს აშშ-ს საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაში ადანაშაულებს

მმართველი გუნდის ლიდერებმა უარყვეს ბრალდება, თითქოს, შვეიცარიული ბანკის მიერ ივანიშვილისთვის თანხის გადახდის შეფერხებით აშშ-ს ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებისა და ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში ადანაშაულებენ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 11 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ამ კონტექსტში ამერიკის შეერთებული შტატები „არავის უხსენებია“ და რომ „ეს ცარიელი სპეკულაციაა“.

მისივე თქმით, როდესაც აშშ-ს არა მმართველი პარტია, არამედ ოპოზიცია ახსენებს, „ვინ აწარმოებს ანტიამერიკულ კამპანიას თავად შეგიძლიათ განსაჯოთ“.

მისივე თქმით, იმ შეფერხებებზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილს თანხის გადარიცხვასთან ერთად ნახატებისა და ვერტმფრენების გადატანის კუთხით შეექმნა, ლეგიტიმურ კითხვებსა და ეჭვებს ნამდვილად აჩენს.

„მაგრამ პოლიტიკური კუთხით აღარ გავაღრმავებთ ამ დისკუსიას“, – აღნიშნა მანვე და დასძინა, რომ „ბიძინა ივანიშვილი, საჭიროების შემთხვევაში, თვითონ მიაწვდის ამ ინფორმაციას საზოგადოებას“.

ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაზე კონსპირაციული თეორიის შესახებ ხელისუფლებასთან დაკავშირებული ექსპერტების მოსაზრებაზე დასმული კითხვის პასუხად, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, „ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი“.

ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების შესაძლო დაწესებაზე დასმულ კითხვაზე პასუხისას, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ეს საკითხი ვერანაირი ფორმით ვერ იქნება განხილული, რადგანაც ივანიშვილი არც რუსეთის მოქალაქეა და არც მასთან აქვს რაიმე კავშირი და არც იმ აგრესიასთან, რომელსაც რუსეთი უკრაინაში აწარმოებს.

მისივე თქმით, ერთადერთი რაზეც შეიძლება იყო საუბარი, „ეს არის შანტაჟი და არა დასჯა“. „ამ ყველაფერს საბოლოო ჯამში მოეფინება ნათელი“, – დასძინა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.

ასევე 11 მაისს, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, დასავლეთში უკრაინისა და ქართული ოპოზიციის გარდა, თუ ებრძვის ვინმე ბიძინა ივანიშვილს, ქართული ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა და ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ თქვა, რომ ეს „ნაკლებად სავარაუდოა“.

თუმცა, მან იქვე აღნიშნა, რომ „ვარაუდი უნდა დაუშვა ყველაფერზე, რომ შვეიცარული ბანკის არასათანადო, არაკეთილსინდისიერი მოქმედებების იქით, კიდევ რამე იყოს“.

ვიცე-სპიკერმა ამ კონტექსტში რუსეთის შესაძლო დაინტერესება დაასახელა, რომ „საქართველოში დესტაბილიზაციას მუდმივი, პერმანენტული ხასიათი მიეცეს, ვინაიდან საქართველო არის, ამ შემთხვევაში, ერთადერთი ალტერნატიული დერეფანი ენერგორესურსებისათვის“.

ვოლსკიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ „ამერიკის შეერთებული შტატების ამ თემაში მონაწილეობა მნიშვნელოვანწილად გამორიცხულია“.


საგულისხმოა, რომ ქართული ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა 10 მაისს აღნიშნა, რომ „არამეგობრული განცხადებები“ ისეთი პოლიტიკოსების მხრიდანაც მოვისმინეთ, როგორებიც არიან მაგალითად საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ოფიციალური პირები – მეთიუ ბრაიზა და დევიდ კრამერი, ასევე ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი.

„მართლა ვფიქრობთ, ხომ არ არის გარკვეული ჯგუფი, გარკვეული პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ჩართვას ომში და ამ ძალების კოორდინაცია ხომ არ ხდება, არა საქართველოს და უკრაინას შორის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც“, – დასძინა მან.

მანვე „აბსოლუტურად“ გამორიცხა, რომ „ეს იყოს აშშ-ის ან რომელიმე ჩვენი მეგობარი ხელისუფლების პოზიცია“, მაგრამ დაამატა, რომ „ცალკეული პოლიტიკოსების გამონათქვამებში მსგავსი მოტივები და სურვილები ნამდვილად ჩანს“.

დეპუტატი ყოფილი პოლიტიკოსის ხათუნა ხოფერიას პოსტს აფასებდა, სადაც იგი საქართველოს ომში ჩართვის მცდელობის თაობაზე, ნაციონალური მოძრაობის, ხელისუფლებისადმი კრიტიკული ევროპარლამენტარებისა და აშშ-ის მხრიდან კონსპირაციულ თეორიაზე საუბრობდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button