ახალი ამბები

რუსი წამყვანი გაგლოევს საქართველოსა და აშშ-ის ინტერესების დაცვაში ადანაშაულებს 

რუსი წამყვანის, სერგეი კარნაუხოვის განცხადებას, რომ ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ახალი ლიდერი, ალან გაგლოევი საქართველოსა და აშშ-ის ინტერესებს იცავს, ოკუპირებულ რეგიონში უთანხმოება მოჰყვა.

რუსმა წამყვანმა ამის თაობაზე თავის გადაცემა კარნაუხოვის ლაბირინთში ისაუბრა, რომელიც „სოლოვიოვ ლაივის“ ეთერში 31 მაისს გავიდა.

კარნაუხოვის თქმით, გაგლოევი ოკუპირებულ რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის გამშვები პუნქტების ხელახლა გახსნას ლობირებდა, რამაც ხელი შეუწყო რეგიონში „საქართველოს აგენტების შესვლას და სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო სოფლებში საზოგადოებრივი აზრის ლიდერების გადაბირებას“.

მან გაგლოევი რუსეთთან მიერთების თაობაზე რეფერენდუმის შეჩერების გამოც გააკრიტიკა. „… თუ ორ-სამ დღეში სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი არ ახსნის რუსეთთან მიერთებაზე უარის თქმის მიზეზს, ეს სამხრეთ ოსეთში მასობრივ არეულობას გამოიწვევს“, – აღნიშნა კარნაუხოვმა.

ტელეწამყვანობამდე კარნაუხოვი კიროვისა და კალინინგრადის ოლქების გუბერნატორის მოადგილედ მსახურობდა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ „კიროვლესის“ საქმის ერთ-ერთი ინიციატორია.

ცხინვალის უშიშროების სამსახურის რეაგირება 

ოკუპირებული რეგიონის უშიშროების სამსახური ბრალდებებს შეშფოთებით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „მოცემული მტკიცება არა მხოლოდ არ შეესაბამება რეალობას, არამედ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის არსებულ სამოკავშირეო ურთიერთობებს ეწინააღმდეგება“.

3 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში, უშიშროების სამსახურმა აღნიშნა, რომ არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია გაგლოევის კავშირებზე ქართულ ან უცხოურ სპეცსამსახურებთან და დასძინა, რომ გაგლოევმა საკუთარი კარიერა სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურში დაიწყო.

უშიშროების სამსახურმა ასევე აღნიშნა, რომ გაგლოევი KGB-ს რეზერვის უფროსი ოფიცერია და 2008 წლის აგვისტოს ომის აქტიური მონაწილე იყო, რომლის დროსაც, „მოქმედი პრეზიდენტის ოჯახმა მძიმე დანაკარგი განიცადა“.

„უწყებათაშორისი, სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების კუთხით, სამხრეთ ოსეთის KGB-სა და რუსეთის FSB-ს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობის გათვალისწინებით, მოცემულ ფაქტზე ოფიციალური განცხადება გავაგზავნეთ, რომელიც შეიცავს თხოვნას სიტუაციის განმარტების თაობაზე“, – აცხადებს უშიშროების სამსახური.

სხვა რეაქციები ცხინვალში 

ადგილობრივმა პოლიტოლოგმა, ირინა გაგლოევამ „რადიო თავისუფლების“ რუსულენოვან სამსახურს, „ეხო კავკაზას“ უთხრა, რომ კარნაუხოვის ბრალდების მიზანია, „გამოიყენონ ის, რაც ყველაზე მიუღებელია ჩვენს საზოგადოებაში – პროქართული განწყობები“.

„ეს არის იმ პირთა ბინძური ტექნოლოგია, რომელთაც რევანში სურთ… შესაძლოა, პოლიტიკური კუთხით, ამ შემთხვევაში, საპარლამენტო არჩევნებზე“, – განაცხადა გაგლოევამ და მიანიშნა, რომ ბრალდებების უკან, რეალურად, გაგლოევის წინამორბედი, ანატოლი ბიბილოვი დგას.

ცხინვალელმა „დეპუტატმა“, დავით სანაკოევმა განაცხადა, რომ „სხვას არც არაფერს უნდა ელოდონ, რადგანაც ბიბილოვს არაერთხელ უთქვამს, რომ პოლიტიკიდან არ მიდის და მას მხოლოდ ერთი თემა – შპიონომანიის თემა დარჩა“.

41 წლის ალან გაგლოევმა ოკუპირებული რეგიონის ყოფილი ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურში დაამარცხა. ოფიციალური მონაცემებით, გაგლოევმა 16 134 ხმა (56.09%) მიიღო, ბიბილოვმა კი – 11 767 ხმა (40.90%).

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button