skip to content
ახალი ამბები

ქართული ოცნების დეპუტატის თქმით, გვარამიას საქმეზე ევროპარლამენტარების შეფასება „მიკერძოებულია“

ქართული ოცნების დეპუტატმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორისთვის, ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯაზე ევროპარლამენტარების გამოხმაურება „მიკერძოებულია“.

„ეჭვი მეპარება, რომ ეს საქმე მთლიანად ინგლისურად იყოს ნათარგმნი და ამ ბატონებს და ქალბატონებს მოესწროთ ამის წაკითხვა“, – თქვა მან.

„როდესაც გარკვეული პოლიტიკოსები განაჩენის დადგომიდან მეორე დღეს აცხადებენ, რომ აქ მიკერძოებული გადაწყვეტილება არის გამოტანილი, ჩემთვის ეს გაუგებარია, იმიტომ, რომ საქმე არ აქვთ წაკითხული“, – დასძინა ნიკოლოზ სამხარაძემ.

„შესაბამისად, ეს ყველაფერი არის აღქმებზე დაფუძნებული განცხადება და ჩემთვის ეს არის მიკერძოებული განცხადება, იმიტომ, რომ აღქმებზე დაფუძნებული განცხადება არასოდეს შეიძლება იყოს ობიექტური“, – თქვა მანვე.

სამხარაძისვე განცხადებით, ამ ევროპარლამენტართა „უდიდესი უმრავლესობა“ ქართული ოცნების ოპონენტები არიან და „ისინი ამას არც მალავენ“.


ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯის შემდეგ, საქართველოს თემაზე მომუშავე რვა ევროპარლამენტარმა კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ გვარამიას მიმართ გამოტანილი „უსაფუძვლო“ განაჩენი „სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების, მათ შორის, მედიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის მიმართ ერთგულებას მოითხოვს“.

ერთობლივ წერილს ხელს აწერენ: ევროპარლამენტარები – მაიკლ გალერი, ანდრიუს კუბილიუსი, სვენ მიკსერი, რაფაელ გლუკსმანი, ანა ფოტიგა, მარკეტა გრეგოროვა, ვიოლა ფონ კრამონი და პეტრას აუსტრევიციუსი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button