ახალი ამბები

ივლისიდან თბილისსა და რეგიონებში ბიზნესისთვის ბუნებრივი აირის ფასი იზრდება

1 ივლისიდან თბილისში არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთათვის 1მ3 ბუნებრივი აირის ფასი 25 თეთრით, რეგიონებში კი – 23 თეთრით გაიზრდება.

ივლისიდან დედაქალაქში ბუნებრივი აირის საფასური „თბილისი ენერჯის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის 1.10 ლარიდან 1.35 ლარამდე მოიმატებს.

რეგიონებში კი – „თელავგაზის“, „სოკარ ჯორჯია გაზის“, „საქორგგაზის“ და „ინტერ გაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის საფასური 1.15 ლარიდან 1.38 ლარამდე გაიზრდება.

საგულისხმოა, რომ „სოკარ ჯორჯია გაზმა“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთათვის 1მ3 აირის საფასური 20 თეთრი – გასული წლის 1 დეკემბრიდანაც გააძვირა, „ინტერ გაზმა“ და „თელავგაზმა“ კი – 6-6 თეთრით.

რაც შეეხება თბილისს, აქ არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის 1.10 ლარიანი ტარიფი 2021 წლის 3 იანვრიდან მოქმედებს.

„თბილისი ენერჯიმ“ საფასურის ზრდის მთავარ მიზეზად მსოფლიო ბაზარზე ბუნებრივი აირის ფასების „მკვეთრი ზრდა“ დაასახელა დღეს გავრცელებულ განცხადებაში. ამასთან განმარტა, რომ კომპანიისთვის ივლისიდან არასაყოფაცხოვრებო დანიშნულების გაზის ყიდვის ფასი კვლავ იზრდება, რის გამოც, ის იძულებულია ფასი დააკორექტიროს, რათა არ შეფერხდეს „მომხმარებლების უწყვეტი გაზმომარაგება“.

ბუნებრივი აირის საფასურის გაძვირების მიზეზად მსოფლიო ბაზარზე ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრი ცვლილება დაასახელეს დანარჩენმა კომპანიებმაც.

რაც შეეხება საყოფაცხოვრებო მოხმარების აირის ღირებულებას, ის უცვლელი რჩება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.

არსებული მდგომარეობით, დედაქალაქში 1მ3 სამომხმარებლო ბუნებრივი აირის ღირებულება 53.972 თეთრს შეადგენს. დედაქალაქს ბუნებრივი აირით კომპანია „თბილისი ენერჯი“ ამარაგებს.

რაც შეეხება რეგიონებს, „სოკარ ჯორჯია გაზის“ აბონენტთათვის 1მ3 საყოფაცხოვრებო მოხმარების აირის ღირებულება 56.928 თეთრია, „თელავგაზის“ მომხმარებლებისთვის 58.864 თეთრი, „ინტერ გაზის“ აბონენტთათვის 49.297 თეთრი, „საქორგგაზის“ აბონენტთათვის კი – 56.990 თეთრი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button