skip to content
ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ნიკა გვარამიას გასამართლების შესახებ 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც „მტკიცედ დაუჭერს მხარს დამოუკიდებელ მედიას, იქნება ეს საქართველოში, თუ სადმე სხვაგან მსოფლიოში“.

ნედ პრაისმა ამის თაობაზე 17 მაისის ბრიფინგზე მას შემდეგ განაცხადა, რაც ქართველმა ჟურნალისტმა მას ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების შესახებ ჰკითხა.

„როდესაც საქმე მედიის თავისუფლებას ეხება, თქვენ იცით, რომ ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ თავისუფალი, დამოუკიდებელი მედიის აუცილებლობის შესახებ“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

„ჩვენს ქართველ პარტნიორებთან მკაფიოდ და გულწრფელად ვაცხადებთ, რომ საჭიროა დემოკრატიის საყრდენების უწყვეტი გაძლიერება“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ „ეს მოიცავს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ასევე კანონის უზენაესობას“.

„ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორობას ქართველ ხალხთან მისი დემოკრატიული, წარმატებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ მიმავალ გზაზე“, – აღნიშნა პრაისმა.

კითხვაზე – „შესაძლოა თუ არა, რომ აშშ-მა სანქციები დაუწესოს საქართველოს ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა და მედიის თავისუფლების მდგომარეობის გამო და ექნება თუ არა ამას გავლენა ორმხრივ ურთიერთობებზე?“ –  პრესსპიკერმა უპასუხა, რომ საქართველო აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორად განიხილება.

„და ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, აქვს კარგი შესაძლებლობა, რომ საქართველო რეფორმების გზაზე წაახალისოს და ქვეყანამ გადადგას ნაბიჯები გაუმჯობესებისკენ“.

„საქართველოს მისწრაფებები ერთ ღამეში არ განხორციელდება“, – განაგრძო პრაისმა, „შეუძლებელია მათი რეალიზება ერთ წელიწადში, ან თუნდაც ათწლეულში. ეს მძიმე შრომას და მოთმინებას მოითხოვს“.

„ჩვენი ამოცანის ნაწილია, გავაგრძელოთ საქართველოსთან პარტნიორობა, გავაგრძელოთ მათი მხარდაჭერა ამ გზაზე და ეს რესურსებით, დახმარებითა და ბევრ შემთხვევაში, უშუალო მხარდაჭერით გავაკეთოთ“, – აღნიშნა მან.

კითხვაზე – „რა მოცულობის მხარდაჭერას უნდა ელოდონ აშშ-ისგან ლგბტ+ ადამიანები საქართველოში?“ – ნედ პრაისმა უპასუხა, რომ აშშ განაგრძობს მათ დახმარებას მსოფლიოს მასშტაბით, როგორც რიტორიკულად, ისე უფლებადამცველი ორგანიზაციების დაფინანსებით.

„ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებთ უნივერსალური უფლებების დაცვისკენ, მათი დაცვისკენ დემოკრატიულ ინსტიტუტებში“, – დასძინა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button