ახალი ამბები

საქართველოში გაეროს ოფისი, ევროკავშირის წარმომადგენლობა და საელჩოები ლგბტქი+ პირებზე

17 მაისს, ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOBIT), საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ და 28 საელჩომ წუხილი გამოთქვა, რომ როგორც წინა წლებში, „უსაფრთხოების მოსაზრებები ხელს უშლის საქართველოს მოქალაქეებს ღიად გამოხატონ სოლიდარობა ლგბტქი+ თემის მიმართ“.

„საქართველოს მთავრობა ვალდებულია დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება, აღკვეთოს დისკრიმინაცია და ძალადობა და უზრუნველყოს მოქალაქეთა შესაძლებლობა ღიად და საჯაროდ აღნიშნონ IDAHOBIT, მათი უფლებებისა და უსაფრთხოების სათანადოდ დაცვით“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

განცხადება აღნიშნავს, რომ 2021 წლის 5 ივლისის „სამარცხვინო მოვლენების“ დროს  განხორცილებული ძალადობის რამდენიმე მონაწილეს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და მოუწოდებს ხელისუფლებას, „გაასამართლოს ძალადობის ყველა წამქეზებელი და ჩამდენი პირი“.

საზოგადოებრივი აზრის ერთ-ერთ ბოლო გამოკითხვაზე დაყრდნობით, განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეთა მზარდი რაოდენობა მხარს უჭერს მრავალფეროვნებას და მიაჩნია, რომ ლგბტქი+ პირთა უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია.

„სახელმწიფო პოლიტიკა და პრაქტიკა უნდა შეესაბამებოდეს როგორც საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს, ისე აღნიშნულ სოციალურ ცვლილებას. ლგბტქი+ უფლებები ეფექტურად და სათანადოდ უნდა იყოს დაცული, მათ შორის, ადამიანის უფლებათა  ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მეშვეობით“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ასევე აუცილებელია სოციალური დაცვის გაძლიერება და ლგბტქი+ თემის მოწყვლადი წარმომადგენელების მხარდაჭერა „ისეთ მტკივნეულ საკითხებში, როგორიცაა სასურსათო დაუცველობა, უსახლკაროდ დარჩენის მზარდი რისკი და ჯანდაცვის სერვისზე წვდომის სირთულეები“.

ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ახალი ზელანდიის, ბელგიის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, დანიის, ესპანეთის, ესტონეთის, იაპონიის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, კანადის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პორტუგალიის, რუმინეთის, საფრანგეთის,  სლოვენიის, ფინეთის,  შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ხორვატიის საელჩოებმა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button