Placeholder canvas
ახალი ამბები

„ორმაგი სტანდარტი“ – ირაკლი კობახიძე უკრაინის ელჩის გაწვევას აკრიტიკებს 

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თბილისიდან ელჩის გაწვევის თაობაზე უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება შეაფასა და მას „ორმაგი სტანდარტი“ უწოდა, რომელსაც „ბუნებრივია, თავისი ახსნა უნდა ჰქონდეს“.

კობახიძემ განაცხადა, რომ დღეს საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეერთებაზე, ან მოხალისეების გაგზავნაზე უკრაინაში და ამიტომ, ეს მიზეზები ვერ ახსნის კიევის გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, მოლდოვამ, თურქეთმა, აზერბაიჯანმა და ისრაელმა ასევე თქვეს უარი სანქციების დაკისრებაზე, ხოლო პოლონეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინაში მოხალისეების გაგზავნაზე თქვეს უარი, მაგრამ უკრაინას თავისი ელჩები არ გამოუწვევია ამ ქვეყნებიდან.

„ალოგიკურობის კულმინაციაა ის ფაქტი, რომ უკრაინის ხელისუფლებას ელჩი დღემდე არ გაუწვევია ბელარუსიდანაც კი, როდესაც რუსეთი აღნიშნული ქვეყნის ტერიტორიას სამხედრო ინტერვენციისთვის იყენებს“, – განაცხადა კობახიძემ.

„ისიც ალოგიკურია, რომ ომში ჩართული ქვეყნის ხელისუფლების ლიდერებს ერთ-ერთ მთავარ საზრუნავად საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება შეიძლება ესახებოდეთ“, – აღნიშნა მან.

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი მაღალჩინოსნების გავლენის ქვეშ მოქცეული გადაწყვეტილება 

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „აშკარაა კოორდინირებული მცდელობა, საქართველო ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში“.

მისივე თქმით, „აღნიშნული მცდელობის კოორდინაცია საქართველოდან ხორციელდება ნაციონალური მოძრაობის მიერ, რომელსაც, როგორც ყველასთვის ცნობილია, მრავლად ჰყავს თავისი წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებაში, მათ შორის პრეზიდენტის [ვოლოდიმირ ზელენსკის] უშუალო გარემოცვაშიც“.

მან გაიხსენა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ნდობით აღჭურვილ პირს, დავით არახამიას, რომელიც რუსეთთან მოლაპარაკებებზე უკრაინის მხარეს წარმოადგენს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან კავშირები აქვს.

„უკრაინის ხელისუფლებაში დღემდე საკმაოდ მაღალ პოზიციებს იკავებენ ყოფილი გენპროკურორი ზურაბ ადეიშვილი და სხვა ქართველი კრიმინალები“, – თქვა მან და დასძინა, რომ თავად მიხეილ სააკაშვილიც „დღემდე რჩება რეფორმების საბჭოს ფორმალურ ხელმძღვანელად“.

„ასეთ პირობებში, მათ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა, ბუნებრივია, მარტივად შეუძლიათ“, – აღნიშნა კობახიძემ.

„საქართველო განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას“ 

უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველო განაგრძობს უკრაინელი ხალხისა და უკრაინის სახელმწიფოს პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას, განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.

„ჩვენი პოზიცია უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით იქნება ურყევი“, – აღნიშნა მან.

„ჩვენთვის უკრაინა არის არა მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გია ლორთქიფანიძე ან დავით არახამია, არამედ, პირველ რიგში, უკრაინელი ხალხი, რომელიც იმსახურებს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას“, – განაცხადა მან.

კობახიძემ ამის შესახებ იმავე ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება გაახმოვანა.

უკრაინაში მოხალისეების ჩარტერული რეისით გამგზავრებაზე უარისა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ საქართველოს მთავრობის „ამორალური პოზიციის“ გამო, უკრაინამ საქართველოდან თავისი ელჩი გაიწვია.

„ჩვენი დიპლომატები ახორციელებენ სამართლიან და საჭირო გადაწყვეტილებებს იმ სახელმწიფოების წინააღმდეგ, რომლებმაც უღალატეს საკუთარ სიტყვას და საერთაშორისო სამართალს“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

საქართველოს ხელისუფლების ორივე გადაწყვეტილებას ქვეყანაში მწვავე პროტესტი მოჰყვა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა -„გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი“.

უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, თბილისსა და კიევს შორის გასული წლის განმავლობაში დაძაბული ურთიერთობების დათბობა დაიწყო და საქართველოს ელჩი, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილების გამო თბილისმა გამოიწვია, 2021 წლის აპრილში უკრაინაში დაბრუნდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button