skip to content
ახალი ამბები

ბიბილოვი ორი რეფერენდუმისა და თბილისიდან ნაკლებად სავარაუდო „პროვოკაციების“ შესახებ საუბრობს 

„რია ნოვისტის“ მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ ინტერვიუში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან მიერთებისა და ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების თაობაზე ოკუპირებულ რეგიონში ორი რეფერენდუმის ჩატარების შესახებ ისაუბრა.

„რუსეთის ფედერაციაში პირდაპირი შესვლა და ეგრევე ოსეთის გაერთიანება ვერ მოხდება, რადგანაც ამის უფლებას კანონმდებლობა არ იძლევა. როდესაც სამხრეთ ოსეთი უკვე იქნება რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, შემდეგ უნდა დაიწყოს ოსეთის გაერთიანების პროცესები და შემდეგ უნდა გაიმართოს ორი რეფერენდუმი“, – განაცხადა ბიბილოვმა.

მისი თქმით, პირველი რეფერენდუმი გაიმართება 10 აპრილის შემდეგ, როდესაც იგი იმედოვნებს, რომ მეორე ვადით აირჩევენ. ბიბილოვმა ასევე აღნიშნა, რომ რეფერენდუმის ჩატარებაზე „უზენაესი სასამართლოს“ გადაწყვეტილებაა საჭირო.

კითხვაზე უნდა გაიმართოს თუ არა რეფერენდუმი მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში ომს დაასრულებს, ბიბილოვმა უპასუხა, რომ „არასწორი იქნებოდა რეფერენდუმის სპეცოპერაციასთან დაკავშირება“.

„მაგრამ როგორც უნდა იყოს… სამხრეთ ოსეთის ხალხის ასწლიანი სურვილი, რომ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევიდეს რეალურია. ამ შესაძლებლობის დაკარგვის უფლება უბრალოდ არ გვაქვს“, – აღნიშნა მან.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ ხედავს საკუთარ როლს ამ პროცესში, ბიბილოვმა უპასუხა: „როგორც სამხედრო პირი, შემიძლია ვთქვა, რომ სადაც სამშობლო მიბრძანებს, იქ წავალ და ვიმსახურებ“.

„სადაც შემომთავაზებენ, რასაც მეტყვიან, სადაც სასარგებლო ვიქნები, სწორედ იქ ვიმუშავებ“, – დასძინა მან.

ბიბილოვის თქმით, მისი აზრით, რუსეთი არ იტყვის უარს ოკუპირებული რეგიონის მიერთებაზე, რადგანაც რუსეთის წამყვან პოლიტიკოსებს კარგად ესმით, რომ „ოსები გაყოფილი ერია“.

შესაძლო „პროვოკაციები“ თბილისიდან 

ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ „არსებობს წუხილები“ იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისმა, შესაძლოა, „პროვოკაციები“ მოაწყოს, რათა რეგიონის რუსეთთან მიერთებას ხელი შეუშალოს.

მაგრამ, მისი თქმით, „ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ იმ შიშებით, რომლებიც მომავალში არსებობს და არა იმით, რომლებიც ახლა არსებობს“.

ბიბილოვმა აღნიშნა, რომ, შესაძლოა, გარკვეულ „ძალადობრივ ქმედებებს“ ჰქონდეს ადგილი თბილისის მხრიდან, თუმცა დასძინა, რომ ამგვარი სცენარი ნაკლებად მოსალოდნელია, რადგანაც რუსეთის რეგიონის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

მისივე თქმით, რუსეთს არაფერი შეაშინებს და „განსაკუთრებით საქართველოს სანქციები, რომელთაც ვერ ექნებათ სერიოზული გავლენა რუსეთის ფედერაციაზე“.

ბიბილოვმა განაცხადა, რომ ნებისმიერ პროვოკაციაზე „ადეკვატური, პროპორციული ზომები იქნება მიღებული“.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დღესდღეობით საქართველოს მხრიდან ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავთ, ის პროვოკაციები, რაც არსებობს, მათ დიპლომატიური გზით ვაგვარებთ, ამ საკითხების ჟენევის დისკუსიების ფარგლებში დაყენებით“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში უფრო უსაფრთხოდ იქნება, ვიდრე დღეს არის, როგორც „საერთაშორისო სამართლის“ სუბიექტი.

ბიბილოვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთთან მიერთება ეკონომიკური და ჯანდაცვის განვითარების, ასევე განათლების, სპორტისა და ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებს უზრუნველყოფს.

დონბასში მებრძოლი ოსების შესახებ 

ინტერვიუში ბიბილოვმა დონბასში უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი ოსი მოხალისეების შესახებაც ისაუბრა.

„ჩვენი მოქალაქეები არა მხოლოდ დღეს, სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების დღიდან, არამედ 2014 წლიდან მონაწილეობენ“, – აღნიშნა მან.

„რა თქმა უნდა, სამხრეთ ოსეთიდან ჩადიოდნენ მოხალისეები, ისინი დღესაც იქ არიან. ასევე, მონაწილეობენ ის ოსებიც, რომლებიც რუსულ არმიაში, მის სხვადასხვა შენაერთებსა და ქვედანაყოფებში მსახურობენ“, – თქვა ბიბილოვმა.

წინაისტორია 

ანატოლი ბიბილოვმა 30 მარტს განაცხადა, რომ მისი რეჟიმი „უახლოეს მომავალში სათანადო სამართლებრივ ნაბიჯებს“ გადადგამს რუსეთთან მიერთების მიზნით. ანალოგიური განცხადებები მან ადრეც რამდენჯერმე გააკეთა.

რუსი პოლიტიკოსები მაშინვე მიესალმნენ ამ განცხადებას. რუსეთის მმართველი პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ წარმომადგენელმა, ანდრეი კლიმოვმა განაცხადა, რომ რეფერენდუმის შემდეგ ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთებას რაიმე „სამართლებრივი დაბრკოლებები“ არ შეექმნება.

ოფიციალურმა თბილისმა, საპასუხოდ, განაცხადა, რომ „მიუღებელია ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული“.

მოსკოვმა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა. დღემდე რუსეთის გარდა, ორივე რეგიონის დამოუკიდებლობა მხოლოდ ვენესუელამ, ნაურუმ, ნიკარაგუამ და სირიამ აღიარეს. თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი ნაწილი ორივე რეგიონს საქართველოს ნაწილად მიიჩნევენ.

90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, საქართველოში დაახლოებით 30 000-მდე დევნილი ცხოვრობს ცხინვალის რეგიონიდან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button