skip to content
ახალი ამბები

2008 წ. ომის საქმე: ჰააგის პროკურორი 3 ოსი მაღალჩინოსნის დაკავებას ითხოვს

2008 წლის ომის საქმის ფარგლებში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა დღეს გამოსცა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების ორდერი. პროკურორის აზრით, არსებობს გონივრული საფუძველი, რომ ისინი პასუხისმგებელნი არიან 2008 წლის 8-27 აგვისტოს პერიოდში ომის დანაშაულების ჩადენაზე.

პროკურორის თქმით, დანაშაულის ჩადენაში, სავარაუდოდ, უშუალოდ მონაწილეობდნენ მიხეილ მინძაევი, დე-ფაქტო ცხინვალის შინაგან საქმეთა მინისტრი 2005-2008 წლებში;  ჰამლეტ გუჩმაზოვი, დე-ფაქტო შს  სამინისტროში წინასწარი დაკავების განყოფილების მაშინდელი უფროსი; და დავით სანაკოევი, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის მაშინდელი წარმომადგენელი.

კარიმ ხანის განცხადებით, გონივრული საფუძველი არსებობს ვარაუდის, რომ მინძაევს, გუჩმაზოვსა და სანაკოევს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, წამების, არაადამიანური მოპყრობის, ღირსების შელახვის, მძევალთა აყვანისა და უკანონო გადაყვანის შესახებ მუხლების დარღვევისდა გამო.

პროკურორმა აღნიშნა, რომ მისი დაკავების ორდერის განცხადებები ყურადღებას ამახვილებს ეთნიკურად ქართველ სამოქალაქო პირთა თავისუფლების უკანონო აღკვეთის, სასტიკი მოპყრობის, მძევლების აყვანის და უკანონო გადაყვანის შემთხვევებზე „რუსეთის ფედერაციის ოკუპაციის კონტექსტში“.

იმავე განცხადებით, გამოძიებამ ასევე გამოავლინა ამ დანაშაულებში აწგარდაცვლილი ვიაჩესლავ ბორისოვის, რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების გენერალ-მაიორის სავარაუდო როლიც. „სარწმუნოა, რომ მან განზრახ შეიტანა წვლილი ზოგიერთი ამ დანაშაულის განხორციელებაში“.

პროკურორის თანახმად, მას შემდეგ, რაც ქართული ძალები სამხრეთ ოსეთიდან განდევნეს, რუსეთის და უპირველეს ყოვლისა, სამხრეთ ოსეთის ძალებმა დაიწყეს ქართველი სამოქალაქო პირების დაკავება, განსაკუთრებით, მოხუცთა და ავადმყოფთა, რომელთაც არ შეეძლოთ, ან არ სურდათ საკუთარი სახლების მიტოვება და გაქცევა.

კარიმ ხანის თქმით, დატყვევებულ და დაკავებულ ქართველებს მათ არ წარუდგინეს სარწმუნო მიზეზი, თუ რატომ აკავებდნენ და ატყვეევბდნენ, არ მისცეს პროცესუალური უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა.

„მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ეს ხალხი [ეთნიკურად ქართველი სამოქალაქო პირები] დატყვევებულნი ჰყავდათ არასანიტარულ, საფრთხის შემცველ პირობებში, აყენებდნენ მათ შეურაცხყოფას, ცემდნენ, აწამებდნენ და ამცირებდნენ“, — დასძინა პროკურორმა.

კარიმ ხანის განცხადებით, უკრაინის სიტუაციის წინასწარი მოკვლევისას მისმა გუნდმა მოიპოვა ცნობები მსგავსი ტიპის მოქმედებების შესახებ. „ღრმად ვარ შეშფოთებული მიმდინარე სავარაუდო საერთაშორისო დანაშაულებით, რომლებიც უკრაინაში აქტიური საომარი მოქმედებების ფონზე ხდება“.

ცხინვალის დე-ფაქტო ადმინისტრაციის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების თხოვნა პროკურორისაგან სასამართლოს პალატას გაეგზავნა. უშუალო დაკავების ორდერი სასამართლოს პალატამ უნდა გასცეს.

„იმედს ვამყარებ ყველა ქვეყნის მხარდაჭერაზე [ამ საქმეში], განსაკუთრებით იმ ქვეყნებზე, რომლებიც რომის სტატუსის ხელშემკვრელი მხარეები არიან, რათა ისინი [3 ოსი ექს-მაღალჩინოსანი] სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარსდგნენ“, — განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, საქართველო იმ 123 სახელმწიფოთა რიგებშია, რომლებიც რომის სტატუტის წევრები არიან. რუსეთი რომის სტატუტის წევრი სახელმწიფო არაა და სასამართლოს იურისდიქციას არ აღიარებს.

წაიკითხეთ მეტი ამბის წინაისტორიაზე:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button