skip to content
ახალი ამბები

უკრაინაში ცხინვალიდან სამხედროების დამატებითი კონტინგენტი გაგზავნეს 

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მონაწილეობისთვის ოკუპირებული ცხინვალიდან სამხედროების დამატებითი კონტინგენტი გაგზავნეს. ინფორმაცია ადგილობრივმა საინფორმაციო სააგენტო „რესმა“ 26 მარტს გაავრცელა.

„მათ ძალიან კარგად ესმით, რომ ისინი რუსეთის დასაცავად მიდიან, ისინი ასევე ოსეთის დასაცავად მიდიან“, – იტყობინება „რესი“ ცხინვალის რეგიონის ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის სიტყვებზე დაყრდნობით.

გაიმეორა რა რუსეთის პოზიცია უკრაინის „დენაციფიკაციის“ თაობაზე, ბიბილოვმა დასძინა – „თუ ფაშიზმს შორეულ საზღვრებზე არ ჩავახშობთ, ხვალ ის აქ იჩენს თავს ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ“.

ბიბილოვის თქმით, იგი ჯარისკაცებს გამგზავრებამდე ესაუბრა. „მათი საბრძოლო სულისკვეთება მაღალია. ისინი უბრალოდ იწვიან – ალანური სისხლი სახეზეა“, – თქვა მან.

16 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის შენაერთები, მათ შორის, ადგილობრივი კონტრაქტორები, უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობისთვის გაემგზავრნენ.

მოსკოვთან 2017 წელს ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის შეიარაღებული ძალები რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის შემადგენლობაში შევიდნენ, ხოლო დანარჩენი ძალების რაოდენობა კრემლთან თანხმდება.

„მე არ გამიცია ბრძანება მე-4 სამხედრო ბაზისთვის, რადგანაც ეს რუსული არმიაა, მაგრამ როდესაც ჩვენი მეგობარი სამიზნეა… ჩვენ გვერდით დავუდგებით და მხარდამხარ ვიბრძოლებთ“, – დაწერა მაშინ ბიბილოვმა ტელეგრამის არხზე.

ოკუპირებული ცხინვალიდან უკრაინაში გაგზავნილი რუსი სამხედროების, ასევე ოსი ჯარისკაცების რაოდენობა უცნობია.

ცხინვალელი სერჟანტი, ანდრეი ბაკაევი რუსეთის 58-ე არმიიდან პირველი ოსია, რომელიც უკრაინაში ბრძოლის დროს დაიღუპა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button