skip to content
ახალი ამბები

აშშ-ის რეაქცია რუსეთის მიერ ცხინვალის შესაძლო ანექსიაზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა 31 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „არც დე ფაქტო ხელისუფლებას [ცხინვალში] და არც რუსეთის ხელისუფლებას არ აქვს უფლება, რომ გადაწყვეტილებები მიიღოს სამხრეთ ოსეთის შესახებ, რომელიც საქართველოს ნაწილია“.

„ისევე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები არ აღიარებს 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო დაპყრობას და ანექსიას და ისევე, როგორც ჩვენ არ ვაღიარეთ კრემლის ცინიკური მცდელობა, რომ ეღიარებინა ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა, სანამ უკრაინაზე არაპროვოცირებულ შეტევას დაიწყებდა, ასევე არ ვაღიარებთ რუსეთის ან მისი მარიონეტების ნებისმიერი მცდელობის შედეგებს, რომ დაყონ სუვერენული საქართველოს ტერიტორია“, – განაცხადა მან.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნა ნედ პრაისმა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა 30 მარტს განაცხადა, რომ მისი რეჟიმი „უახლოეს მომავალში სათანადო სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს“ რუსეთთან მიერთების მიზნით.

რუსეთის მმართველი პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ საერთაშორისო თანამშრომლობის კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ანდრეი კლიმოვმა განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონმა რუსეთთან მიერთების თაობაზე რეფერენდუმი უნდა გამართოს. „როდესაც ყველა იურიდიული ფორმალობა მოგვარდება, სამართლებრივი ხასიათის არანაირი დაბრკოლება არ იქნება სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ამ დიდი ხნის ოცნების ასასრულებლად და რუსეთის შემადგენლობაში შესასვლელად“, – აღნიშნა მან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საპასუხოდ განაცხადა, რომ „მიუღებელია ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button