Placeholder canvas
ახალი ამბები

ოკუპირებული ცხინვალის რუსეთის ფედერაციასთან შესაძლო მიერთების რუსი მომხრეები 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა 30 მარტს განაცხადა, რომ მისი რეჟიმი „უახლოეს მომავალში სათანადო სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს“ რუსეთთან მიერთების მიზნით. რუსეთის და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლების მიერ მოგვიანებით გაკეთებული კომენტარები გულისხმობს, რომ მოსკოვის მიერ რეგიონის მიერთებამდე რეფერენდუმი უნდა გაიმართოს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საპასუხოდ განაცხადა, რომ „მიუღებელია ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული“.

ქვემოთ მოცემულია იმ რუსი პოლიტიკოსების კომენტარები, რომლებიც ცხინვალის რეგიონის რუსეთთან შესაძლო მიერთებას ემხრობიან: 

დმიტრი პესკოვი, კრემლის პრესსპიკერი

„ჩვენ ამ თვალსაზრისით არანაირი სამართლებრივი ან სხვა ქმედება არ განგვიხორციელებია. მაგრამ ამავე დროს, ამ შემთხვევაში საქმე ეხება სამხრეთ ოსეთის ხალხის აზრის გამოხატვას და მას ჩვენ პატივისცემით ვეპყრობით“.

ლეონიდ კალაშნიკოვი, რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ისა და ევრაზიული ინტეგრაციის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე

„სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს აქვთ უფლება რეფერენდუმი გამართონ და ახლა სწორედ შესაფერისი დროა ყველა იურიდიული პროცედურის განხორციელებისთვის“, – უთხრა მან „ტასს“. „გვერდიდან რომ შევხედოთ ამას, ისინი [სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი – „ტასის“ შენიშვნა] უკვე დიდი ხანია რუსეთთან ინტეგრირებულნი არიან, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, უმჯობესია, რომ ეს გამჭვირვალე იყოს რუსეთისთვის. თუ ხვალ ეს საკითხი წამოიჭრება, მე დადებითი რეაგირება მექნებოდა ამაზე. ამისათვის საჭიროა იურიდიული პროცედურების ჩატარება და ვფიქრობ, ამისთვის ახლა შესაფერისი მომენტია. ამაზე უარესი აღარ იქნება, როგორც ამბობენ“.

ვიქტორ ვოდოლაცკი, რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ისა და ევრაზიული ინტეგრაციის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე

„ეს წლებია, სამხრეთ ოსეთის ყველა მცხოვრებს ერთი ოცნება აქვთ – იყვნენ რუსეთის შემადგენლობაში. მათ ეს ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნიათ საკუთარი მიწის, საკუთარი შვილების და შვილიშვილების მომავლისთვის. თუ ახლა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი რესპუბლიკის პარლამენტს მიმართავს, ის კი, თავის მხრივ, რეფერენდუმს გამოაცხადებს, სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლების 99.9% მივა და ხმას მისცემს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას… იგივე პროცედურა განხორციელდება, რომელიც ოდესღაც ყირიმის შემთხვევაში განხორციელდა, რომელიც დღეს კომფორტულად გრძნობს თავს შინ დაბრუნების შემდეგ. სამხრეთ ოსეთსაც უნდა შინ დაბრუნება“.

არტიომ ტუროვი, სახელმწიფო დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე

„ოსი ხალხი გაყოფილი ხალხია და რესპუბლიკის ხელმძღვანელის დღევანდელი განცხადება – ეს არის შესაძლებლობა ოსებისთვის, რომ ერთი დიდი ერი გახდეს. ეს გადაწყვეტილება აძლევს მათ თვითგამორკვევის უფლებას, ასევე შესაძლებლობას განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და განვითარების ვექტორი… ჩვენთვისაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ვინაიდან 2008 წელს რუსეთმა აჩვენა საკუთარი პოზიცია რუსული სამყაროს საზღვრებთან, წითელ ხაზებთან დაკავშირებით და ღიად დაუპირისპირდა დასავლეთიზაციას, დასავლეთის გაერთიანების ზეწოლას. რა თქმა უნდა, ეს ისტორიული მოვლენაა. ვფიქრობ, რუსეთის ხალხიც და სამხრეთ ოსეთის ხალხიც მხარს დაუჭერს ამ გადაწყვეტილებას. ის ჩვენთვის ისტორიული იქნება“.

ალექსანდრ ბასტრიკინი, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი

„საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ბიბილოვის ინიციატივის აქტუალობას სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმასთან დაკავშირებით, რომლის მიზანიც რესპუბლიკის რუსეთის შემადგენლობაში შესაძლო შესვლის საკითხის მოგვარებაა. ბასტრიკინმა აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციის დიდი ხნის და მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია“, – განაცხადა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურმა.

ანდრეი კლიმოვი, ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე

„რუსეთთან მიერთებაზე რეფერენდუმის საკითხი, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია თავად სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობაზე, იქ მათი კანონები მოქმედებს. მაგრამ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ რეფერენდუმის მოსამზადებლად და იქ არსებულ პირობებში მისი გამართვისთვის – ჩემთვის რთულია მათ მაგივრად საუბარი, მე არც ისე კარგად ვიცნობ სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობას, მაგრამ საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ თვენახევარი საკმარისია – ეს ის ვადებია, რომლებშიც მსგავსი საკითხების მოგვარება შესაძლებელია დედამიწაზე არსებული ყველა ნორმის, წესის, პრინციპის, მიდგომის, კრიტერიუმის დაცვით“.

სერგეი მენიაილო, ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერი

„ოსებს სამხრეთით და ჩრდილოეთით არასდროს დაუკარგავთ ერთმანეთთან კავშირი, არასდროს დაშორებიან ერთმანეთს და ერთიანი კულტურის, ენისა და ტრადიციების მქონე ერთიან ხალხად რჩებოდნენ. სხვადასხვა ისტორიულ პერიოდებში, პოლიტიკოსები იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ასე თუ ისე ცვლიდნენ ადმინისტრაციული თუ სახელმწიფო საზღვრების კონტურებს. თუმცა, ამას არასდროს უმოქმედია ოსების სურვილზე, რომ ერთიანი ოჯახი ყოფილიყვნენ. ჩვენ ასეც ვცხოვრობთ: ვმუშაობთ ვლადიკავკაზში, სახლი კი ცხინვალში გვაქვს, დასვენების დღეებზე ან იქით მივდივართ, ან პირიქით. იქ სამხრეთში ჩვენი წინაპრების საფლავებია, ჩვენი არქიტექტურული და კულტურული ძეგლები, საგვარეულო კოშკები… ჩვენი ერთი ხალხი ვართ და არასდროს ვყოფილვართ გაყოფილი არც სულიერად და არც მენტალურად“.

სერგეი აქსიონოვი, ყირიმის ლიდერი

„სრულად ვემხრობი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ანატოლი ბიბილოვის განცხადებას რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ, რაც ქვეყნის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს. ამ მიზნის რეალიზება ოსი ხალხის გაერთიანების ტოლფასი იქნება, რომელიც ისტორიულად ხალხთა უზარმაზარ და მეგობრულ რუსულ ოჯახს ეკუთვნის. ჩვენ, ყირიმელები, მხოლოდ მივესალმებით ჩვენი ძმების გადაწყვეტილებას. რუსეთი – ჩვენი საერთო ოჯახია“.

დენის პუშილინი, ოკუპირებული დონეცკის ლიდერი

„მოხარული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება მომწიფდა. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს… ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მხარი დავუჭიროთ ანატოლი ბიბილოვს თავის მისწრაფებებში“, – იტყობინება „ტასი“ მის სიტყვებზე დაყრდნობით, რომელმაც ასევე დასძინა, რომ ადრე თუ გვიან დონეცკიც დაუბრუნდება რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button