skip to content
ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაზე კვლავაც საკამათო განცხადებებს აკეთებს

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, 3 მარტს, აჭარის რეგიონში სტუმრობისას, უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ კვლავ სადავო განცხადებები გააკეთა.

„სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მე ჯერ კიდევ  25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა და ასეც არის“, – განაცხადა მან.

„თქვენ ხედავთ, რომ მთელი რიგი ტერიტორიები უკვე არის ოკუპირებული დღეს, რუსეთის მიერ უკრაინაში და ეს პროცესი, თქვენ ხედავთ, რომ გრძელდება და ამის შემჩერებელი, სამწუხაროდ და საუბედუროდ, ვხედავთ, რომ ჯერჯერობით არავინ არ არის“, – თქვა პრემიერმინისტრმა.

„ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი სოლიდარობა ჩვენი მთავრობის სახელით უკრაინისა და უკრაინელების მიმართ. ჩვენ 400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ უკრაინაში“, – დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ჩვენ ასეც გავაგრძელებთ და რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი სურვილი და ოცნებაა, რომ ეს ომი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს“, – აღნიშნა მანვე.

პრემიერმა ღარიბაშვილმა „იმ ქვეყნებს და ლიდერებს, ვისაც ხელეწიფებათ ამ ომის შეჩერება“, მოუწოდა, რომ „რაც შეიძლება მალე ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ რაც შეიძლება მალე დაასრულონ ეს ომი“.

მოხალისე მებრძოლებსა და სანქციებზე

„დღეს მსოფლიოში არც ერთი ხელისუფალი, არც ერთი ქვეყნის მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს არ მოუწოდებს უკრაინაში წასვლისკენ და იქ საომარ მოქმედებებში ჩართვისკენ“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მისივე თქმით,  აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ევროპის ქვეყნების ლიდერები საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებენ, „სოლიდარობა განსხვავებული ფორმით გამოხატონ, მათ შორის ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნით“.

„მე ვუერთდები მსოფლიო ლიდერების ამ მოწოდებას და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ გამოვხატოთ სხვა ფორმით, იქნება ეს ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა თუ სხვა, მათ შორის აქ ჩამოსული უკრაინის მოქალაქეების დახმარება. ეს არის ჩვენი მთავრობის პოზიცია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაიმეორა რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას მხარს ყველა საერთაშორისო დონეზე ვუჭერთ.

„ჩვენ პოლიტიკურ დონეზე უკრაინას ყველა ფორმატში, იქნებოდა ეს გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, თუ ეუთოს ფორმატები, ყველგან მხარი დავუჭირეთ. ვიყავით თანაორგანიზატორები, თანასპონსორები, თუ უბრალოდ მხარდამჭერები უკრაინის რეზოლუციების მიმართ და შევუერთდით ყველა პოლიტიკურ გზავნილს და რეზოლუციას“, – განაცხადა მან.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ის და მისი გუნდი „ქვეყნის, ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“ ხელმძღვანელობენ. „20% ჩვენი ტერიტორიების არის ოკუპირებული და 30 წლის განმავლობაში ჩვენ სამი ომი გადავიტანეთ“, – ხაზი გაუსვა მან.

„ჩვენ აღარ უნდა გავიმეოროთ შეცდომები, წინდაუხედაობა არ უნდა გამოვიჩინოთ“, – დასძინა პრემიერმინისტრმა.

„ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ეს სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას, ომი არავის სჭირდება და ომის თავიდან ასაცილებლად ნებისმიერი პატრიოტი ხელისუფალი უნდა აკეთებდეს ყველაფერს, რომ ყველაზე დიდი უბედურება, განსაცდელი, რაც არის ომი, აარიდოს საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს. მე ამ სულისკვეთებით, ამ პასუხისმგებლობით ვმოქმედებ“, – განაცხადა მთავრობის ხელმძღვანელმა.

გამოხმაურება ღარიბაშვილის სიტყვებზე

უკრაინის შესახებ ღარიბაშვილის განცხადების საპასუხოდ, რომ ამ ომში უკრაინა დაისჯებოდა, ოპოზიციურმა პარტია დროამ განაცხადა: „ყველაზე სამარცხვინო სიტყვები კაცისგან, რომელსაც, სამწუხაროდ, საქართველო თავის პრემიერმინისტრს უწოდებს“.

„საქართველო ამას არ გაპატიებთ. სამარცხვინო ხართ“, – დაწერა პარტიამ Twitter-ზე.

გუშინ ღარიბაშვილის განცხადებისადმი იმედგაცრუება ვერხოვნა რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმაც გამოხატა.

„ადრე ვფიქრობდი, რომ მთავარი, რაც უკრაინას საქართველოსა და მოლდოვასთან აერთიანებს არის ის, რომ რუსეთმა ჩვენს ქვეყნებს ტერიტორიები წაართვა. მაგრამ თბილისისა და კიშინიოვის დღევანდელმა ოფიციალურმა პოზიციამ [რუსეთისთვის] სანქციების დაწესებისადმი ნეიტრალურ პოზიციაზე დაკავშირებით, იმედი გამიცრუა“, – განაცხადა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button