ახალი ამბები

გერმანიისა და აშშ-ის ელჩები რუსეთის სანქციებზე საქართველოს პოზიციას განიხილავენ

საქართველოში გერმანიისა და აშშ-ის ელჩებმა, ჰუბერტ ქნირშმა და კელი დეგნანმა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე საქართველოს პოზიცია განიხილეს.

„ევროკავშირი ეპატიჟება ასოცირებულ პარტნიორებს, რომ შეუერთდნენ მის მიერ დაწესებულ სანქციებს“, – წერს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ გერმანიის ელჩის სიტყვებზე დაყრდნობით.

„რას ნიშნავს ეს საქართველოს შემთხვევაში, რა შეუძლია და უნდა გააკეთოს საქართველომ არის იმ დისკუსიის საგანი, რომელსაც საქართველოს მთავრობასთან ვაწარმოებთ“, – განაცხადა ქნირშმა.

„იმედი მაქვს, რომ ეს დისკუსია წინ წაიწევს და უახლოეს დღეებში შედეგს გამოიღებს“, – დასძინა მან.

იმავდროულად, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა 17 მარტს განაცხადა, რომ „არავინ სთხოვს საქართველოს მთავრობას, რომ ორმხრივი სანქციები შეიმუშავოს, თუ არ სურს ამის გაკეთება და თუ ეს არ არის ის, რისი გაკეთებაც მათ გადაწყვიტეს“.

„თითოეული ქვეყნისთვის, ჩემი ქვეყნისთვის და ყველა ქვეყნისთვის, რომელიც რუსულ აგრესიას ეწინააღმდეგება, მნიშვნელოვანია, რომ თანხვედრა იყოს საერთაშორისო სანქციების რეჟიმთან“, – განაცხადა ელჩმა.

აშშ-ის ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო აღასრულებს საერთაშორისო სანქციებს და ყოველთვის კარგი პარტნიორი იყო ამ კუთხით.

აღნიშნა რა, რომ დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული ბევრი სანქცია, შესაძლოა, უშუალოდ საქართველოს არ შეეხოს, ელჩმა განაცხადა, რომ „უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო, ქვეყნების უმეტესობის მსგავსად, იმ მასშტაბით აღასრულებს საერთაშორისო სანქციებს, რამდენადაც ეს მათ შეუძლიათ“.

„ნებისმიერი ქვეყნის მიერ საერთაშორისო სანქციების დაუმორჩილებლობას გარკვეული შედეგები მოჰყვება“, – განაცხადა მან.

„ვფიქრობ, მთავარია, რომ ჩვენ ყველამ ერთიანი მხარდაჭერა გამოვხატოთ უკრაინის მიმართ და ამის გაკეთების ერთერთი გზა სწორედ საერთაშორისო სანქციების რეჟიმის აღსრულებაა“, – დასძინა აშშ-ის ელჩმა.

ქართული ოცნების ხელისუფლებამ არაერთხელ თქვა უარი შეერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და ამის მიზეზად ქვეყნისთვის შესაძლო ზიანს ასახელებდა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 16 მარტს განაცხადა, რომ „ჩვენი პოზიცია სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით არის უცვლელია და ამ პოზიციას ვერავითარი პროვოკაციების, ფარული კამპანიების თუ უცხოელი ლობისტების მეშვეობით ვერავინ შეგვაცვლევინებს“.

კობახიძემ ნაციონალური მოძრაობა „პროვოკაციული კამპანიის“ განხორციელებაში დაადანაშაულა. „ამ დღეების განმავლობაში, ნაციონალური მოძრაობის კუთვნილმა ტელევიზიებმა გააშუქეს ლობისტების რამდენიმე განცხადება, რომლებითაც ისინი საქართველოს ხელისუფლებას სანქციებზე მიერთებისკენ მოუწოდებდნენ“, – განაცხადა მან.

თავისი ფრთხილი პოზიციისა და რუსეთის აგრესიის შესახებ სადავო რიტორიკის გამო საქართველოს მთავრობა არაერთხელ გახდა მწვავე კრიტიკის სამიზნე.

საზოგადოებამ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაც მოითხოვა მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ „სანქციები არ არის ეფექტიანი საშუალება და უკრაინის დაბომბვას ვერავინ შეაჩერებს“.

იმავდროულად, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ საქართველოს მთავრობის „ამორალური პოზიციის“ გამო, უკრაინამ საქართველოდან კონსულტაციებისთვის ელჩი კონსულტაციისთვის გაიხმო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button