ახალი ამბები

უკრაინაზე განცხადების გამო ღარიბაშვილი მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციის, სახალხო დამცველისა და უცხოელი პოლიტიკოსების მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ თბილისი არ შეუერთდება უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს და რომ უკრაინაში ჩასვლა „არაფრის მომცემია“.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პრემიერის განცხადება შეაფასა როგორც „კოლაბორაციონისტული ქმედება უკრაინისთვის, საქართველოსა და მთელი საერთაშორისო წესრიგისთვის, ამ გადამწყვეტ დროს“.

„მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველოში რუსეთის მარიონეტული რეჟიმი არ ასახავს ქართველი ხალხის პოზიციას“, – განაცხადა მან.

ირაკლი ღარიბაშვილი გააკრიტიკა ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის წევრმა, ნათია მეზვრიშვილმაც და მას „ეროვნულად უთავმოყვარეო“ უწოდა.

პრემიერის განცხადებაზე, რომ მისი გადაწყვეტილებები საქართველოს „ეროვნულ ინტერესებს“ ეფუძნებოდა, მეზვრიშვილმა თქვა, რომ „ოცნებამ გადაწყვიტა ამ სიტყვების საფარქვეშ ღიად გაატაროს ანტიეროვნული პოლიტიკა“.

პარტია ლელოს წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთსა და თავისუფალ სამყაროს შორის ბრძოლაში საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც რუსეთის მხარეს დგას.

მისი თქმით, „ირაკლი ღარიბაშვილი ელოდება კიევის დაცემას, იმიტომ, რომ უკრაინის გამარჯვება ნიშნავს ივანიშვილის რეჟიმის დასრულებას ჩვენს ქვეყანაში“.

პარტია დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას განაცხადებით, „ნათელია, რომ ჩვენ პრორუსული მთავრობა გვყავს. მათი იძულება, რომ სათანადო ზომები მიიღონ, ილუზიაა“.

პრემიერის განცხადების გასაპროტესტებლად თბილისში დამოუკიდებელი აქციები დააანონსეს პარტიებმა დროა, გირჩი – მეტი თავისუფლება და ლეიბორისტული პარტია.

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ Facebook-ზე დაწერა , რომ „საქართველოს პრემიერის დღევანდელი განცხადებები და მისი პათოსი არ გამოხატავს ჩემს პოზიციას“. „ქართველები არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში“, – აღნიშნა მან.

ქართული ოცნების უარი შეერთებოდა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, ასევე არ გაემართა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, უკრაინელმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ოლექსი გონჩარენკომაც გააკრიტიკა.

უკრაინაში ჩასვლის თაობაზე ღარიბაშვილის განცხადების საპასუხოდ, გონჩარენკომ აღნიშნა, რომ „როდესაც ომი დამთავრდება და ჩვენს თავზე სამხედროს ნაცვლად, სამგზავრო თვითმფრინავები იფრენენ, შეგიძლია არსადაც აღარ ჩახვიდე“.

მან ქართველ საზოგადოებას რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 2008 წლის 12 აგვისტოს, თბილისში რამდენიმე ევროპელ ლიდერთან ერთად უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშჩენკოს ჩამოსვლის შესახებაც შეახსენა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button