skip to content
ახალი ამბები

„უმძიმესი სიტუაციაა“ – ზალკალიანი უკრაინის მიმართ „ფრთხილ“ დამოკიდებულებას ემხრობა 

საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 28 თებერვალს მხარი დაუჭირა და განმარტა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის „ფრთხილი“ დამოკიდებულება უკრაინაში განვითარებული მოვლენების მიმართ და მისი უარი, შეერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს.

მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე გამოსვლისას, მან განაცხადა – „[რუსი სამხედროები] 40 კმ-ში, აი, აქვე დგანან, მათ არ სჭირდებათ დამატებითი მობილიზაცია, რომელიც უკრაინაში განახორციელეს“.

„ავტობანიდან ჩანს მათი ოკუპაციის შედეგი. რამდენიმე წუთი დასჭირდება, რომ მთლიანად საქართველო თავდაყირა დააყენონ“, – დასძინა მანვე.

„არ მინდა, იგივე ვიხილო საქართველოში, რაც 2008-ში ვიხილე. არ მინდა, თბილისის მიმართულებით მომავალი რუსული ტანკები. არ მინდა, დედაქალაქისა და აეროპორტების დაბომბვა“, – განაცხადა მან.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო „უკან არასდროს იხევს ძალიან მკაცრი ზომებისგან“ და გაიხსენა, რომ ქვეყანა 2014 წლიდან ყირიმის წინააღმდეგ დასავლური სანქციების მონაწილეა.

„მაგრამ როდესაც საუბარია ინდივიდუალურად ქვეყნის მხრიდან დაწესებულ სანქციებზე, პრემიერმინისტრმა ძალიან კარგად განმარტა, თუ რა საფრთხეებს ვხედავთ ჩვენ“, – აღნიშნა მან.

ზალკალიანის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ამ საფრთხეებს ევროპელ და უკრაინელ კოლეგებთან განიხილავს.

„როდესაც ასეთ სიფრთხილეს იჩენს პრემიერმინისტრი, ეს მისი პასუხისმგებლობიდან მოდის, იმ პასუხისმგებლობიდან, რომელიც თქვენ წინაშე აქვს, საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე აქვს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

„არავისზე ნაკლები პატრიოტები არ ვართ და ჩვენი საქმიანობითა და ცხოვრებით დამტკიცებული გვაქვს საქართველოს ერთგულება და იმ უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც საქართველოში ოკუპაცია ჰქვია“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button