skip to content
ახალი ამბები

ლუკაშენკო მინსკის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის არაღიარების მიზეზებზე საუბრობს

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მინსკი მზად იყო ეღიარებინა სეპარატისტული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, თუმცა ეს არ გააკეთა, ვინაიდან მოსკოვმა უარი განაცხადა "გაეზიარებინა“ ის უარყოფითი შედეგები, რაც ბელარუსს ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დასავლეთიდან ელოდა.

"ჩვენი ურთიერთობების გათვალისწინებით –ბელარუსსა და რუსეთს შორის – ჩვენ უნდა გვეღიარებინა [სამხრეთ] ოსეთი და აფხაზეთი; რაც არ უნდა იყოს, ეს [რუსეთი] ჩვენი მოკავშირეა,“ – განაცხადა ლუკაშენკომ 2 ოქტომბერს რუსი ჟურნალისტებისთვის გამართულ პრეს–კონფერენციაზე.

"ამ თვალსაზრისით, ჩვენ ეს უნდა გაგვეკეთებინა. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ მზად ვიყავით ამის გასაკეთებლად,“ – იტყობინებიან ბელარუსული და რუსული საინფორმაციო სააგენტოები ლუკაშენკოს სიტყვებზე დაყრდნობით.

"ერთ დასავლელ პოლიტიკოსს ვხვდებოდი და მან მითხრა: ‘ნამდვილად გინდათ აღიაროთ ოსეთი და აფხაზეთი?’ მე ვუპასუხე: ‘და რატომ გაღელვებთ ეს საკითხი? ჩვენ მოკავშირეები ვართ [რუსეთის]’ და შემდეგ  მან დამისახა ის ურთიერთობები, რომელიც ევროკავშირთან და ამერიკასთან გვექნებოდა [აღიარების შემთხვევაში]… უნდა იცოდეთ, რომ ევროკავშირთან ცოტათი მეტი ვაჭრობა გვაქვს, ვიდრე რუსეთთან. ეს მილიარდობით დოლარია. და როდესაც რუსეთმა ბაზრიდან გამოგვაძევა, ევროკავშირმა ამის გაკეთება ვერ გაბედა… და გვითხრეს, ყველანაირი ანგარიშსწორება ევროში და დოლარებში დაივიწყეთ. და რა უნდა გაეკეთებინა სახელმწიფოს? ჩვენ დავიწყეთ გამოსავლის ძებნა. მე შევხვდი თქვენს პრეზიდენტს [დიმიტრი მედვედევს] სოჭში. და განვიხილეთ ეს პრობლემა, რომლის დროსაც მან ჩემი დანაპირები გაიხსენა [აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების თაობაზე]. თუმცა, მე ვუთხარი: ‘ამას მოყვება გარკვეული შედეგები [ბელარუსისთვის დასავლეთის მხრიდან]. მზად ხართ ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო მეგობარო, ჩვენთან ერთად გაიზიაროთ ეს შედეგები? მზად ხართ მხარში ამოგვიდგეთ?’ სიტყვა–სიტყვით ვამბობ რაც მიპასუხა: ‘ბატონო ალექსანდრე, მოდით ნუ ვივაჭრებთ. ეს ერთი თემაა, და ის – სხვა’. მე ვუპასუხე: ‘გმადლობთ. თემა ამოწურულია",  – განაცხადა ლუკაშენკომ.

2009 წლის თებერვალში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაშინდელმა ევროკომისარმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანამ გააფრთხილა ბელარუსის პრეზიდენტი არ ეღიარებინა სეპარატისტული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.

2010 წლის 3 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამართულ დსთ–ს ლიდერთა ერთ–ერთ სამიტზე ლუკაშენკომ პირობა დადო დსთ–ს სხვა ლიდერების თანდასწრებით, რომ აღიარებდა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს.

2 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ იგი ერთდაერთი პრეზიდენტი იყო იმ შეხვედრაზე, რომელმაც "მხარი დაუჭირა რუსეთს“. "გამოაქვეყნოს [მედვედევმა] ჩემი გამოსვლის სტენოგრამა და სხვებისაც. უნდა გენახათ რა გამომეტყველება ქონდა სახეზე,“ – განაცხადა ლუკაშენკომ.

"შესაძლოა რუსეთს სულაც არ უნდა, რომ ჩვენ ვაღიაროთ ოსეთი და აფხაზეთი? შესაძლოა ამას მხოლოდ საბაბად იყენებს, რომ თავი დაგვახრევინოს?"– განაგრძო მან.

თავის გამოსვლაში ლუკაშენკომ ასევე ახსენა პრეზიდენტ სააკაშვილის ინტერვიუ, რომელიც 2010 წლის ივლისში ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიით გაშუქდა და რომელიც რუსეთმა შეაფასა, როგორც მოსკოვის მიმართ მინსკის "არამეგობრული ნაბიჯი“.

ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მას ინტერვიუდან ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ საქართველოს ლიდერი რუსეთის ხელმძღვანელობას უგზავნიდა გზავნილს ურთიერთობების აღდგენის საჭიროების შესახებ. "პირველად დავინახე ასეთი სააკაშვილი,“ – განაცხადა ლუკაშენკომ, "მას შვიდწუთიანი ინტერვიუ ჰქონდა; მაგრამ რა?“

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button