ახალი ამბები

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა

საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გამყარდა და დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9867 ლარია და ის 2020 წლის ივნისის შემდეგ 3.0-იან ნიშნულს პირველად ჩამოსცდა.

1 აშშ დოლარი გუშინ 3.0179 ლარი ღირდა. მანამდე, ორი თვის უკან, მისი ღირებულება 3.121 ლარი იყო.

დოლართან მიმართებით ლარმა გამყარება ზამთრის პერიოდში, დიდწილად კი – იანვრიდან დაიწყო.

ლარის გამყარებას ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და დეკემბერში რეფინანსირების განაკვეთის 10.5%-მდე ზრდა უძღვოდა. სებ-მა 2 თებერვალს რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა.

ამასთან, 2021 წლის დეკემბერში ფულადი გზავნილები წლიურად 14.9%-ით – 711.1 მლნ ლარამდე გაიზარდა, 28.8%-ით – 419.5 მლნ აშშ დოლარამდე მოიმატა ექსპორტმაც. გარდა ამისა, 2021 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 790%-ით – 379.3 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა საერთაშორისო ვიზიტორებიდან მიღებული შემოსავალიც.

2021 წელს ლარის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 28 აპრილს დაფიქსირდა, როდესაც 1 აშშ დოლარი 3.4548 ლარი ღირდა, რაც კოვიდის პანდემიის პირველი ტალღის დროს, 27 მარტის რეკორდულად მინიმალურ მაჩვენებელთან – 3.4842 ლართან ახლოს იყო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button