Placeholder canvas
ახალი ამბები

საავადმყოფოში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ციხეში დაბრუნებაზე უარს ამბობს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 27 დეკემბერს გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში, სავარაუდოდ, მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანაზე უარი თქვა და ჯერჯერობით კვლავ საავადმყოფოში რჩება.

28 დეკემბერს, გვიან ღამით, სააკაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ გუშინ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მასთან „შავ ფორმაში“ ჩაცმული პირები შევიდნენ და მისი გადაყვანა სცადეს, რასაც იგი შეეწინააღმდეგა, შედეგად კი – მან გონება დაკარგა.

„გონებაზე რომ მოვედი, ექიმი მედგა თავზე და მითხრა, რომ არსად აღარ გადავყავდი და ვრჩებოდი ჰოსპიტალში“, – განაცხადა მან.

სააკაშვილის თქმით, „ძალით გაყვანამდე“ მასთან მისულებმა უთხრეს, რომ იგი მიჰყავდათ, თუმცა არ უთხრეს სად. მისივე განცხადებით, საპასუხოდ მან წნევისა და პულსის შემოწმება მოითხოვა და ორივე საგანგაშოდ მაღალი აღმოჩნდა. „ეს იყო აბსოლუტური ჰიპერტონიული კრიზი“, – დასძინა მანვე.

„ეს იყო ყველაზე მწვავე კრიზისი, რომელიც ოდესმე მქონია. თან სულ მიღებდნენ ვიდეოს. მათ შორის სამედიცინო პროცედურების დროს, ვიდეოზე დაფიქსირებულია ჩემი მძიმე მდგომარეობა“, – თქვა ყოფილმა პრეზიდენტმა.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დღეს გავრცელებულ განცხადებაში განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიდან „კანონიერად“ გადაყვანა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დაწესებულების სამედიცინო პერსონალმა მისი ჰოსპიტალიდან გაწერის გადაწყვეტილება მიიღო.

განცხადების თანახმად, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში გადაყვანაზე პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა „კანონიერ მოთხოვნას“ არ დაემორჩილა, აღელვების ნიადაგზე, მას წნევის ცვალებადობა აღენიშნებოდა, რის გამოც, პენიტენციურმა სამსახურმა ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანა გადადო და იგი დროებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში რჩება.

50-დღიანი შიმშილობის შემწყვეტის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი, გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბრიდან შემდეგ მკურნალობს.


პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნების შესახებ ინფორმაცია გუშინ ღამით ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა. ქართული ოცნებიდან წყაროზე დაყრდნობით, „მთავარმა არხმა“ თქვა, რომ 26 დეკემბერს მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ „საგანგებო“ შეხვედრაზე ოცნების ლიდერებმა სააკაშვილის რუსთავის ციხეში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.

მანამდე, რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ, ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად არ შეუშვეს მიხეილ სააკაშვილი დედა, გიული ალასანია და დეპუტატი არმაზ ახვლედიანი, ასევე სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკა ყიფშიძე და ცენტრ „ემპათიას“ ნევროლოგი ოთარ თოიძე. შედეგად გაჩნდა ვარაუდი, რომ მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში უკვე აღარ იმყოფებოდა.

ვითარების გასარკვევად ადგილზე მივიდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი შიდა ქართლში, ანა ჯანიაშვილი. ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ, ჯანიაშვილმა თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტი საავადმყოფოში იყო და იგი მას პირადად ესაუბრა. მანვე ჰოსპიტალიდან სააკაშვილის გადაყვანის მცდელობაც დაადასტურა.

ჯანიაშვილმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებოდა და ამის შესახებ რამე არც თავად ყოფილ პრეზიდენტს უთქვამს. მანვე განმარტა, რომ სახალხო დამცველი გორის ჰოსპიტალში განვითარებულ პროცესებს „დეტალებში“ შეისწავლის და დაადგენს, ხომ არ შეილახა ყოფილი პრეზიდენტის უფლებები.

გუშინ გორში ჩავიდა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორი, ნიკოლოზ გვარამია, რომელმაც თქვა, რომ იმ ფონზე, როდესაც არცერთი კონსილიუმის წევრს უთქვამს, რომ ყოფილი პრეზიდენტის რეაბილიტაცია დასრულდა, იგი სამხედრო ჰოსპიტალის ერთ-ერთი ექიმის მიერ შევსებული ფორმა 100-ის საფუძველზე გაწერეს.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ მისი ექიმებისა და ადვოკატების გარეშე მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის უფლება არავის ჰქონდა და დასძინა, რომ ასეთ ვითარებაში „რეაბილიტაციაზე ლაპარაკი ზედმეტია“. „ეს არის ადამიანის წამება – პირდაპირ, არაერთგზის, შეგნებულად და მიზანმიმართულად“, – თქვა ნიკა გვარამიამ და უკრაინის სახელმწიფოს მისი მოქალაქის უფლებების დასაცავად „ბევრად უფრო“ აქტიურობისკენ მოუწოდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button